დიდი ცვლილება “მწვანე პასპორტების” ირგვლივ – როგორ უნდა მიიღოთ მწვანე ბარათი თუ ტესტი არ გაგიკეთებიათ

0
14

დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში – პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და “მწვანე პასპორტსაც” მიიღებენ.

„მწვანე სტატუსის“ მინიჭების წესში ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 11 იანვარს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, „მწვანე“ სტატუსით ისარგებლებს პირი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, თუმცა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული ელექტრონულ მოდულში.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს ბრიფინგზე თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კოვიდი გადაიტანა, თუმცა არ ჩაუტარებია ტესტი, მაგრამ იმართებოდა ოჯახის ექიმის მიერ, მწვანე სტატუსს მიიღებს.

„სამინისტროში არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ არ არის გატესტილი, თუმცა თუ დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა კონტაქტი ოჯახის ექიმთან და ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აისახებიან შესაბამისად მოგზაურობისთვის მწვანე პასპორტში“, – თქვა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში კი წერია, რომ პირები, რომელთა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩატარებული ტესტირების პასუხები არ არის ასახული ან ასახულია შეცდომით, მოდულში უნდა დარეგისტრირდნენ და „მწვანე სტატუსი“ მიენიჭებათ.

მოდულში რეგისტრაცია კი დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში, და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი ,,დასრულებული“.

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს უფიქსირდებათ გადატანილი კოვიდ-ინფექცია, რაც დასტურდება სახელმწიფო უწყებების/საელჩოების ოფიციალური მომართვისა და შესაბამისი ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული ტესტირების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

წყარო: “რეზონანსი”