2021 წლის დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 14.9%-ით გაიზარდა

0
16

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 711.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.9%-ით, ანუ 29.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა – 39.70 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია 37.88 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 26.65 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი – 20.49 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 17.65 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 103.3 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.