ვასილ ხორავა: ახლო მომავალში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის

0
13

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის, ამის შესახებ  კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა. მისი განმარტებით, სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, კომპანია ნავთობის ფასს ვერ შეამცირებს, თუმცა არსებული მარაგების ხარჯზე უახლოეს პერიოდში ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება.

„იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული ნავთობი ყოველდიურად მაღალ ნიშნულს აფიქსირებდა. დღეს უკვე ბარელის ფასი 85 დოლართან არის მიახლოებული. ეს რა თქმა უნდა, ბაზარზე გავლენას იქონიებს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ჩვენი კომპანია ფასების ცვლილებას არ გეგმავს.

არსებული მარაგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასები ჩვენს პროდუქციაზე მყისიერად არ აისახოს და მოკლევადიან პერიოდში ფასები შევინარჩუნოთ. გაზრდილი ფასების პირობებში ნავთობპროდუქტებზე ფასს ვერ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავის ფასმა ზრდა დაიწო და ნოემბრის მიწურულს 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს 15-20 თეთრით გადააჭარბა, რასაც “ვისოლისა” და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა. გასული წლის დეკემბრიდან ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასი, დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა.

ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი “ევრო რეგულარი” ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3.04-3.13 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საწვავის იმპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა.

წყარო: „ბიზნეს ფორმულა“