სოსო არჩვაძე: ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა აბსოლუტურ განზომილებაში საპროგნოზოსთან შედარებით გაიზარდა 6.2 მილიარდი ლარით

0
13

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წელს საჭიროებდა უზარმაზარი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზებას, მართვისა და ორგანიზების ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლების ხარჯზე მოხერხდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ აღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე “ფეისბუქზე” წერს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დადებითად აფასებს.

“მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წელს საჭიროებდა უზარმაზარი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზებას, მართვისა და ორგანიზების ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლების ხარჯზე მოხერხდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ აღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური ვალდებულებების შესრულება.

წლის დასაწყისში ეკონომიკური ვარდნა მარტიდან შეიცვალა ზრდით და მაღალი ალბათობით, 2022 წელს საქართველოს ექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ფაქტობრივად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი შეფასებით, 2.5-ჯერ აღემატება წლის დასაწყისში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზს (+4.3%). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა აბსოლუტურ განზომილებაში საპროგნოზოსთან შედარებით გაიზარდა 6.2 მლრდ. ლარით (კრიზისამდელ, 2019 წელთან შედარებით – 10 მლრდ. ლარით), რამაც ადეკვატური ასახვა ჰპოვა სხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებშიც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტმა პროგნოზულ დონესთან შედარებით, ეკონომიკური ზრდისა და მისი სწორი ადმინისტრირების შედეგად, 1.2 მლრდ. ლარზე მეტი საგადასახადო შემოსავალი მიიღო.

შესაბამისად, სახელმწიფოს მიეცა მეტი შესაძლებლობა უფრო სრულად დაეკმაყოფილებინა აღებული სოციალური და ეკონომიკური ვალდებულებები. ამასთან ერთად, მოსახლეობის ნომინალური შემოსავლების ზრდამ გადაუსწრო ინფლაციის საკმაოდ მაღალ ტემპს (+13.9%, თუმცა ამ უკანასკნელში არანაკლებ 2/3 გარე ფაქტორებით, მსოფლიო ბაზარზე საქონლის გაძვირებითაა გამოწვეული), ხოლო უცვლელ ფასებში რეალური შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 2.6 პროცენტით.

განვითარებაში პოზიტიური ტენდენციებით ხასიათდებოდა ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა სექტორი, მათ შორის საგარეო ვაჭრობა, შრომის ბაზარი, ტურისტული სექტორი, საგადასახდელო ბალანსი, ვალუტის კურსი და სხვ.

ექსპორტის მოცულობა 2021 წლის 11 თვის მონაცემებით, გაიზარდა 26.7 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 28.7 პროცენტით. ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2.7-ჯერ აღემატება და ადასტურებს მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპანსიას და მის მზარდ კონკურენტუნარიანობას.

ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის ფაქტობრივი უცვლელობის პირობებში საგრძნობლად (63.1 ათასით, ანუ 4.1%-ით) გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, ასევე, გაიზარდა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ხოლო დასაქმებულებში – პროპორცია დაქირავებით დასაქმებულთა სასარგებლოდ თვითდასაქმებულებთან შედარებით. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ჩვენ გვყავდა 16.6 ათასით მეტი დაქირავებით დასაქმებული გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით, სეზონური ფაქტორის გამორიცხვითაც კი – 50 ათასზე მეტით დასაქმებული.

სერიოზული წინსვლაა ტურისტულ სექტორში, სადაც ადგილი აქვს პანდემიით გამოწვეული ჩავარდნის თანდათან დაძლევას. შემოსავლებმა პანდემიამდელი დონის 37 პროცენტს მიაღწია, ამასთან, მიმდინარე წლის მეორე ნახევრის ყოველი თვის მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამისი თვის მაჩვენებლის ნახევარს აღემატება (მათ შორის ნოემბერში – 55%).

მიმდინარე წლის ივნისიდან საზღვარგარეთიდან განხორციელებული ყოველთვიური ფულადი გზავნილები 200 მლნ. აშშ დოლარს აღემატება, ამასთან, მიმდინარე წლის წმინდა ფულადი გზავნილები გასული წლისაზე 25.4 პროცენტით მეტი, რაც საგრძნობ გავლენას ახდენს მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ერთობლივი მოთხოვნისა და კეთილდღეობის ზრდაზე.

საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის საგადასახდელო ბალანსსა და ვალუტის კურსზე. 2021 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით გაუმჯობესდა 2.1 პროცენტული პუნქტით, მათ შორის, მესამე კვარტალში – 6.1 პროცენტული პუნქტით. მაღალი ალბათობით, 2021 წლის მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 10.5 პროცენტს. ეროვნული ვალუტის კურსი 2021 წელში ერთი წლის წინანდელთან შედარებით 5.7 პროცენტითაა გამყარებული (საშუალო თვიური კურსი 3.0987, ნაცვლად 2020 წლის დეკემბრის 3.2864-სა).

წინა წელთან შედარებით სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ვალუტის კურსის გამყარებით, მთავრობის ვალის თანაფარდობა მშპ-სთან დაგეგმილი 60.1%-დან შემცირდა 50.0%-მდე. ეს ეკვივალენტურია ვალის მომსახურებაზე მხოლოდ პროცენტის სახით არანაკლებ 300 მლნ. ლარის დაზოგვისა.

2021 წელი დასრულდა ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის თავდაპირველად დაგეგმილთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირებით (მშპ-ის 6.1%, ნაცვლად 7.6%-სა).

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციის დონე შესაძლებლობას იძლევა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდეს როგორც ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და პროექტების, ისე სოციალური სფეროს ხაზით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ამჟამინდელი დონე და რესურსები იძლევიან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საგრძნობი ზრდის შესაძლებლობასაც.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ მთლიანობაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის პარამეტრების პირობებშიც კი წლის მეორე ნახევრის აბსოლუტური მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატებიან წლის პირველი ნახევრის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ასე მაგალითად, გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის საშუალო თვიური მაჩვენებლები წლის მეორე ნახევარში აღემატებოდა წლის პირველი ნახევრისას დაახლოებით 8 პროცენტით, ექსპორტი, შესაბამისად – 23.2 პროცენტით, საბიუჯეტო შემოსავლები – თითქმის 20.0 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების მართებული ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი სტრატეგიისა და ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესთა კონსოლიდაციის გზით მიღწეულია თვალსაჩინო შედეგი და შექმნილია მყარი საფუძველი იმისათვის, რომ 2022 წელს და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკამ კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებს მიაღწიოს” – წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.