Home » საზოგადოება » 2022 წლიდან საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

2022 წლიდან საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ.

შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დააინიცირებს. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განუცხადა, პროექტს სამი მხარე ეყოლება 1.რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, 2. საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3. სახელმწიფო.

წილოსანის თქმით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.

როგორც წილოსანი ამბობს, ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც იყოს.

„ჩვენ კომიტეტშია სამუშაო ჯგუფი შექმნილი. ვადის ამოწურვამდე საკვების ქველმოქმედების მიზნით გამოყენებასა და ასევე, სურსათის ბანკის შექმნის საკითხს ვამუშავებთ. ამ ეტაპზე, ექსპერტებისა და პროცესში ჩართული ორგანიზაციებისგან ველოდებით პირველი მონახაზის წარმოდგენას. საკითხს მხარს უჭერს არაერთი ქვეყნის საელჩო, მათ შორის საფრანგეთის, ბრიტანეთის. ამ ეტაპზე გვსურს ის პრობლემები დავაიდენტიფიციროთ, რასაც ჰორეკას სექტორი, მაღაზიათა ქსელი და სასტუმროები ამგვარი პროდუქციის დონაციისთვის გამოსაყენებლად აწყდებიან. ამ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ კი ჩვენ შევქმნით სისტემას, მოდელს, რომელიც ყველა მხარეს გაუადვილებს, რომ ვადის ამოწურვასთან მიახლოვებული, თუმცა, საკვებად ვარგისი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ.

გარკვეულწილად, ამ სისტემას, სამი მხარე ეყოლება: პირველი- სავაჭრო ქსელები, ჰორეკას სექტორი, სასტუმროები და ყველა ის სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებული უსაფრთხო წესების დაცვით საკვებ პროდუქტს მისი ვადის ამოწურვამდე ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მათ შორის, ისეთ პროდუქციას, რომელიც დღის ბოლოს სასურველია ჩაეშვას ქველმოქმედებაში, გადასცემს საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

მეორე მხარე საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ამ სისტემაში დარეგისტრირდებიან, იქნებიან ამ პროდუქციის მიმღებ-გამანაწილებლები და მესამე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, რომელიც იქნება ძირითადი თამაშის წესების დამწესებელი, ძირითადი რეგულატორი და მაკონტროლებელი.

ამ სისტემაში არავინ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა მიზნებისთვის არამიზნობრივად იმ შეღავათებით, რომელსაც ქველმოქმედებისთვის დავაწესებთ. ამავდროულად, მაქსიმალურად უნდა იყოს სურსათის უვნებლობა დაცული. ამ მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.

სახელმწიფო უბრალოდ სისტემას შექმნის და მას გააკონტროლებს. იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა სუბიექტი დარეგისტრირდება, რომელსაც საკვებისა და სურსათის დონაციის გაკეთება სურს. ასევე, დარეგისტრირდებიან მიმღები პირები, საქველმოქმედო ორგანიზაციები თავიანთი ლოკაციების მიხედვით.

მათ კი ასევე ლოკაციის მიხედვით კონკრეტული ობიექტები მიებმებიან. რესტორნები იპოვიან ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც პროდუქტს წაიღებენ და შემდეგ მას ბენეფიციარამდე მიიტანენ ან პირიქით, თავად საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეკონტაქტება და დაინტერესდება ამგვარი რესტორნებით და პროაქტიულად ჩაერთვება ამ სისტემაში.

მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი. მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია. შესაძლოა, მიმღები პირები თავად მუნიციპალური სასადილოებიც იყვნენ, მათ ნაწილსაც აქვს თავიანთი ბაზა. ამას არ გამორიცხავს ჩვენი პროექტი, თუმც შემდგომ ისინი რა ფორმით გაუწევენ ამ პროდუქციის დარიგებას, ეს იქნება ქუჩაში, თავიანთ ლოკაციაზე, სახლებში მიუტანენ თუ როგორი ფორმა ექნება, ეს თავისთავად შემდგომი კონსულტაციის საფუძველია,“- განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, ამ პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი ბენეფიტი საბოლოო მიმღებს აქვს, თუმცა პროგრამის ამოქმედება საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც წაადგება.

„განხილვის ერთ-ერთი თემა ბენეფიტიც იყო. ყველაზე მეტი ბენეფიტი თავად ბენეფიციარს, საბოლოო მიმღებს აქვს. შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ისინი უსასყიდლოდ იღებენ იმ პროდუქციას, რომელსაც გადასცემენ ბენეფიციარს, სხვა შემთხვევაში უნდა შეეძინათ. რესტორნებსა და სუპერმარკეტებს არ სჭირდებათ დამატებითი წახალისება. თუ მათ ვადის გასვლამდე პროდუქციის გაყიდვა უნდოდათ, ისედაც ყიდდნენ.

ამის მიუხედავად, მათი ასოციაციებიდან, გაერთიანებებიდან ამ საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების არაერთი თხოვნა მოდიოდა. მათი მთავარი თხოვნაა გამარტივდეს სისტემა, რომლითაც ამ სქემაში ჩაერთვებიან.

ამ ეტაპზე, არ ვემხრობით ამგვარი სასურსათო პროდუქციის გაყიდვაზე რაღაც კონკრეტული შეღავათების დაწესებას. თუ მათ რეალიზაცია ენდომებათ, ბუნებრივია შეუძლიათ. თუმცა, თუ მათ ამ სქემაში ჩართვა ენდომებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემით უნდა ისარგებლონ.

რაც შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციების ოდენობას, ბაზაში ასობით საქველმოქმედო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მათი რა ნაწილია აქტიური, გამიჭირდება თქმა. თუმცა, საჯარო შეხვედრებს რომ დავიწყებთ, ყველას დაეგზავნება და ვნახავთ რამდენი აქტიური წევრი იქნება. რაც შეეხება მასშტაბს, რამდენ ადამიანზე იქნება გასვლა, არაპირდაპირი გზით გეტყვით მასშტაბს – ერთ-ერთმა სუპერმარკეტების ქსელმა 2018 წელს კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში 3 მილიონ ევრომდე ღირებულების სასურსათო პროდუქციის, პურ-ფუნთუშეულისა და ხილ-ბოსტნეულის გადაყრა მოუწიათ. ეს იმისთვის შედარება, რომ მასშტაბი დაინახოთ.

ვგეგმავთ, რომ მომავალ კვირაში მთლიანი სისტემის მონახაზი გვქონდეს, შემდეგ კი დავიწყოთ საკითხის განხილვა ყველა დაკავშირებულ მხარესთან. გვინდა, რომ წლის ბოლომდე დავაინიციროთ. ნოემბრიდან ან დეკემბრიდან დაიწყება განხილვები, საგაზაფხულო სესიაზე კი აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა წილოსანმა.

Share