ბიბილოვი: ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში

0
18

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრა 26 დეკემბერს გაიმართა.

საოკუპაციო რეჟიმს ახალგორთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის სექტემბრიდან აქვს დაკეტილი. დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტამ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ახალგორში დარჩენილ ქართველებს სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე წვდომის გარდა, შეზღუდული აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტი.

როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი წერს, ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა და შეხვედრის კითხვა-პასუხის ფორმატით ჩატარება შესთავაზა, თუმცა, პირველი შეკითხვის დასმამდე, თავად ილაპარაკა „საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის“ საკითხზე.

ბიბილოვმა ისევ გაიმეორა, რომ „საზღვარი“ დაკეტილია სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო და „ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები“.

ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს ისიც უთხრა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე” მყოფ მათ ნათესავებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ საცხოვრებლად სიხარულით მიიღებენ. ძირითადად რუსეთიდან მიღებული ფულით მცხოვრები ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი” აცხადებს, რომ მათთან „ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში“ და უმუშევრად არავინ დარჩება.

ipress.ge