ბიზნეს სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება

0
12

2022 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის, დაწესებულებებისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება.

ამასთან, ხმალაძის განმარტებით, სასტუმროებსა და კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებლის 1 000- ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, რომელის გამოყენებასაც 1 წლის განმავლობაში შეძლებენ.

„2022 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ასევე იზრდება დაწესებულებებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვისაც.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ დასუფთავების მიმართულებით მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს, თუმცა არ გვგონია და არავის სწორად არ მიგვაჩნია, რომ მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნეს სექტორი, შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათი მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურების სახით.

დღესდღეობით 70% თბილსერვისის დანახარჯები ბიზნეს სექტორის მომსახურებას ემსახურება, ხოლო დანარჩენი 30% საყოფაცხოვრებო სექტორს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმის ნახევარია დარიცხვა ბიზნესსექტორზე ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება.

ამდენი წელი ეს პრაქტიკა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა არის დრო, როდესაც საკრებულომ უნდა განიხილოს მოსაკრებლის გადახედვის საკითხი, უნდა გაიზარდოს და მათი გადახდილი თანხა გაუტოლდეს იმდენს, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურისტული ობიექტებისთვის, კერძოდ კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის 1- წლიანი 1 000- ლარიანი ვაუჩერი შემოდის.

მათ შეუძლიათ 1 წლის განმავლობაში 1 000-ლარიანი ვაუჩერი დახარჯონ და შემდეგ დაიწყონ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა. ეს არის სუბსიდიის სახით, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ სუბიექტების სასარგებლოდ გამოყოფს“, – განაცხადა ხმალაძემ.