საქსტატმა შშმ პირებზე ადაპტირებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

0
16

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული საქსტატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა.

საქსტატის ინფორმაციით, ვებ-გვერდის შშმ პირებზე ადაპტირება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში მიმდინარეობდა.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქსტატის ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

„გარდა ამისა განხორციელდა სხვადასხვა სახის მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგიური ვიდეო რგოლების თარგმნა სურდო თარჯიმნის (ჟესტების ენა) საშუალებით, რაც უფრო ფართო აუდიტორიის მოცვის საშუალებას იძლევა.

შშმ პირებზე ადაპტირებული საქსტატის განახლებული ვებ-გვერდი სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზენტაციის დროს დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვებ-გვერდი შშმ პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ჩართულობისა და მონაწილეობის სრულფასოვან შესაძლებლობას მისცემს.

„საქსტატმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა წრე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების გამოყენებით და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით. თუმცა ვებ-გვერდის ადაპტირება შშმ პირებზე და საზოგადოების ყველა წევრისთვის ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველოფა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში“ – განახცადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას შშმ პირებზე ადაპტირებული ვებ-გვერდი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ – ლია ძებისაურმა წარუდგინა. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებელთა წრის გაფართოებას და სტატისტიკურ მონაცემებზე მათი გაზრდილი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენი მომხმარებლების რიგებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეუერთდნენ“ – აღნიშნა ლია ძებისაურმა.

აღსანიშნავია, რომ ფუნქციონალით შშმ პირებზე ადაპტირებულ საქსტატის ვებ-გვერდს ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკურ სამსახურებს შორის.