იოსებ არჩვაძე – ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა

0
18

„2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ამით დაადასტურა და გაამყარა ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი და შეუქცევადი პოზიტიური პროცესები. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ რეკორდი (429.8 მლნ. აშშ დოლარი) დააფიქსირა და წინა წლის ნოემბრის დონეს 42.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბრისას – 23.6%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (ზრდა იანვართან შედარებით – 91.5%-ით), ხოლო წინა ათი თვის (იანვარ-ოქტომბრის) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 26.7%-ით გადააჭარბა,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა (წილი მთლიან ექსპორტში – 73.5%), რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში – 44.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს – 325.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი პერიოდის – 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს. მისი თქმით, სერიოზული პროგრესი შეინიშნება იმპორტის დინამიკაშიც, რომლის მოცულობამ ნოემბერში, თვის მიხედვით, პირველად გადალახა მილიარდიანი ზღვარი და 1014.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა ნოემბერში წინა წლის დონეს 40.6%-ით, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს – 23.9%-ით გადააჭარბა.

ამასთან, იმპორტის ასეთი საგრძნობი ზრდა, ქვეყანაში სამეწარმეო აქტიურობის გაუმჯობესებასთან ერთად განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციული და მასშტაბური მოცულობის საიმპორტო პროდუქციაზე ფასების საგრძნობი ზრდით (წინა წელთან შედარებით ნავთობპროდუქტები გაძვირდა დაახლოებით 1.6-ჯერ, სურსათი, სახეობების მიხედვით კი – 1.3-1.6-ჯერ).

აღსანიშნავია, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ ნოემბერში 42.4% შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბრის დონეს 0.7 პუნქტით აღემატება (2020 წ. ნოემბერში – 41.7%). ასევე ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პარალელურად, საგძნობლად მაღალი, ორნიშნა ტემპებით იზრდებოდა რეექსპორტის მოცულობაც. – 2021 წლის იანვარ-ნოემბერში მისმა მოცულობამ 1013.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დონეს 21.6%-ით აჭარბებს.

ნოემბრის სავაჭრო ბრუნვამ 1443.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც აღემატება: გასული, 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებელს – 41.2%-ით, პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს – 23.8%-ით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს – 27.2%-ით.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის ექსპორტის მოცულობა (3822.3 მლნ. აშშ დოლარი) აღემატებოდა: წინა, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მოცულობას – 26.7%-ით და პანდემიამდელი, 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს – 12.3%-ით. ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი უსწრებდა იმპორტის ზრდის (+24.6%) მაჩვენებელს, რის შედეგად ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა (2020 წლის იანვარ-ნოემბერში – 42.0%).

ადგილობრივი ექსორტის თითქმის ნახევარი (46.8%) საქართველოს სამ ძირითად სავაჭრო პარტნიორზე (ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი) მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა (+38.6%) მნიშვნელოვნად აღემატებოდა როგორც ადგილობრივი ექსპორტის (28.7%), ისე მთლიანი ექსპორტის (+26.7%) ზრდას, რის საფუძველზეც ამ ქვეყნებთან ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა, რაც 4.7 პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2020 წ. იანვარ-ნოემბერში – 37.7%).

„საგარეო ვაჭრობის (პირველ რიგში, ექსპორტის) ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უსწრებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამეწარმეო სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებს, რაც ცალსახად მიანიშნებს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული კურსის სისწორესა და აღნიშნულის საფუძველზე მიღწეულ შედეგებზე – წარმატებულ საგარეო სავაჭრო ექსპანსიასა და ქართული ბიზნეს-სექტორის მსოფლიო ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.