„საქართველოს ბანკმა” “BARTA”-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო

0
30

„საქართველოს ბანკმა” მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში “BARTA 2021”-ის ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის (BARTA) კონკურსი საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხის და გამჭვირვალობის ამაღლებაა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონკურსში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში კი ერთი გამარჯვებული დასახელდა. აღნიშნული კატეგორიებია: მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო კომპანიები და მდგრადი განვითარების ანგარიში. წელს თითოეულ კატეგორიას საპატიო ჯილდოებიც დაემატა.გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი და მომხმარებელთა შორის რეპუტაცია.„კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება.

აღნიშნული საქართველოს მიმდინარე რეფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მიმართულია ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ. განსაკუთრებით მიხარია, რომ „BARTA“ საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ფართოვდება და ვითარდება.

გამჭვირვალობის შემდგომი ამაღლება და სამეწარმეო გარემოს გაძლიერება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, „BARTA“ 2019 წელს, ევროკავშირის და „მსოფლიო ბანკის“ ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას.

ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.