დავით სონღულაშვილი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს – სახელმწიფოს გადაწყვეტილება მიიღეთ ისეთი როგორიც არის!

0
18

ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მიიღეთ ისეთი როგორიც არის, ეს არის მოცემულობა! ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია არის ხისტი, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილეს.

მისი თქმით, სექტორის წუხილი გასაგებია, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ზღუდავს მას, თუმცა როგორც სონღულაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტული სექტორები და ასევე აქვს სექტორები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს აზიანებს და ამის შესაბამისად, სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ მიიღოს პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

„რა თქმა უნდა, თქვენ ვერ მოგეწონებათ ეს კანონპროექტი, ზუსტად ვიცი, აქედან გამომდინარე, მოუწევს ბიზნესს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რა მოცემულობასაც სთავაზობს სახელმწიფო. ეს არის მოცემულობა და უნდა გამოვიდეთ აქედან, იმიტომ, რომ ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. რაც არ უნდა დეტალურ მსჯელობას გავყვეთ, ეს არის პრინციპი მიდგომის. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტული სექტორები და ასევე აქვს სექტორები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს აზიანებს და ამის შესაბამისად, სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ მიიღოს პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.

ეკონომიკურ გათვლებთან მიმართებით რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, რომ ბიუჯეტს უფრო მეტი დააკლდება თუ უფრო ნაკლები დააკლდება, უფრო მეტად ჩაიკეტება საკითხი თუ უფრო ნაკლებად ჩაიკეტება გადარიცხვები, ეს არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ თუ შევამჩნიეთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ არეგულირებს და ვერ ემსახურება იმ მიზნებს, რა მიზანიც აქვს ამ კანონპროექტს, აუცილებლად მოხდება მისი შემდგომი განვითარება. ზუსტად მესმის სექტორის წუხილი, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ზღუდავს სექტორს. ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მიიღეთ ისეთი როგორიც არის, ეს არის მოცემულობა! ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია არის ხისტი,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, წამყვანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილშიც. ამ მიმართულებით კი, ცვლილებები ორ კანონში – “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას – კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს.