“ინდივიდუალური ანგარიშგების ჭრილში, საპარტნიორო ფონდმა ყველა წელი მოგებით დაასრულა”

0
17

„ფონდი არ არის უბრალო სააქციო საზოგადოება, ან შპს, რომლის ერთი ხელის მოსმით მოხდეს მის რეორგანიზების გამოწვევის გადაჭრა. ეს არის საკმაოდ რთული სტრუქტურა, მასში შედის  შვილობილი კომპანიები, რომლებიც სტრატეგიული მიმართულების სახელმწიფო კომპანიებად შეიძლება ჩაითვალოს.  მათ თავის მხრივ, დიდი გავლენა აქვთ ქვეყის ეკონომიკაზე.

დღეს ფინდიარის საქართველოში უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელსაც ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორები და ბუნებრივია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დაინტერესებულნი არიან ფონდის წარმატებული საქმიანობით“, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ  გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ფონდის რეფორმირების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხელაიამ განმარტა, როცა საუბარია ფონდის ზარალიანობაზე,აქ აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს , თუ საიდან გენერირდა ეს ზარალი.

„საქმე ის არის, რომ ფონდის შვილობილმა კომპანიამ, „საქართველოს რკინიგზამ“, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მოთხოვნების შეაბამისად, სრულად ჩამოწერა, გაანულა  თბილისის შემოვლით რკინიგზაზე გაწეული ხარჯები, რამაც ასეულმილიონიანი ზარალი გამოიწვია.

ეს ზარალი, ცხადია, როგორც საერთაშორისო ანგარიშგების წესია, აისახა დედა კომპანიის, ანუ ფონდის კონსოლიდირებულ ბალანსში და შესაბამისად ის საკმაოდ სოლიდური საოპერაციო მოგება, რაც ფონდს საკუთრივ თავისი  პროექტებიდან გააჩნდა, ამ მასშტაბურმა ზარალმა სრულად შთანთქა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინდივიდუალური ანგარიშგების ჭრილში, ფონდმა ყველა საფინანსო წელი მოგებით დაასრულა.

სწორედ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კონცეპტუალურად, როცა ფონდის რეფორმირებაზე და რეორგანიზაციაზე ვსაუბრობთ – ანუ, უნდა დარჩეს თუ არა შვილობილი კომპანიები ფონდის შემადგენლობაში, მის აქტივებში. ამ კონტექსტმა უნდა განსაზღვროს, თავის მხრივ, შემდგომ ფონდის დაფინანსების წყაროები და მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოაყალიბოს ფონდის მანდატი“, – აღნიშნა ხელაიამ.