დღის წესრიგში დგას “საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე დამოუკიდებელი ფონდის ჩამოყალიბების საკითხი – გუგა ხელაია

0
13

„საპარტნიორო ფონდის“ ფონდის რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გადაწყდეს შვილობილი კომპანიების მის შემადგენლობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ასევე, უნდა რეფორმირდეს მმართველობითი სტრუქტურა და უნდა გადაწყდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში დარჩნენ თუ არა საქართველოს მთავრობის წევრები. – შესაბამისად, დღის წესრიგში დგას დამოუკიდებელი ფონდის ჩამოყალიბების საკითხი“, -ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ფონდის რეფორმირებისას იქნება მისი დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. „ეს საკითხი  აქტუალური გახდა ფონდისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან სახელმწიფოს უშუალო დავალებით განახორციელა 563 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროექტები.

ეს ყველა კარგი და წარმატებული პროექტია. მაგალითად, „გარდაბანი 1“ – თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 230 მეგავატია. ფონდს ეს პროექტი 300 მილიონზე მეტი დაუჯდა. ასევე საგულისხმო პროექტია თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს 25 მლნ-იანი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (ფონდის შვილობილი კომპანია) მიერ, პანდემიურ პერიოდში, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის  გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების პროექტი, რამაც ჯამში 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი აუცილებლად გასაკეთებელი იყოდა შედგა კიდეც. თუმცა, ამ მიმართულებას გააჩნდა სერიოზული გვერდითი ეფექტიც. კერძოდ – შემცირდა ფონდის შემოსავლები, შემცირდა საბრუნავი კაპიტალი და ახალი ფულით პროექტებში შესვლის შესაძლებლობა. წარმოიშვა დეფიციტი დაფიანანსების ნაწილში, რაც რა თქმა უნდა, რაღაც სხვა შემოსავალმა, ან სხვაგვარმა გადაწყვეტილებამ  უნდა დააკომპენსიროს“, – აღნიშნა გუგა ხელაიამ.

მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ, რა ფორმით, რა ფორმატით,  რა გრაფიკით, მოხდება ფონდის მიერ უკვე გაწეული ამ დანახარჯების დაბრუნება,  ვგულისხმობ მთავრობის დავალებით განხორციელებულ პროექტებში გაწეულ დანახარჯებს. ან მოხდება თუ არა საერთოდ.

„რეფორმირების პროცესში ძალიან საგულისხმო იქნება ისიც, თუ როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის მანდატსა და  შესაძლებლობებს პანდემიის ფონზე და შემდგომ უკვე პოსტკოვიდური ეკონომიკის გამოწვევების ჭრილში. ძალიან ბევრმა ქვეყანამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სუვერენული ფონდების პოტენციალს სწორედ ამ კუთხით“, – განმარტა ხელაიამ.