რუსეთის საგარეო უწყება – აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, იმის შესახებ, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“

0
22

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან – „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.

„ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს ბუქარესტის ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფა, იმის შესახებ, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოების ყველა ლიდერის ვალდებულებასთან წინააღმდეგობაში მყოფი – „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.

მოვითხოვთ, იურიდიულად მოხდეს შეთანხმების დამოწმება ამერიკისა და ნატოს სხვა წევრების შეტევითი შეიარაღების სისტემების განუთავსებლობის შესახებ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთს.

ასევე მოვითხოვთ ნატოს კონკრეტულ რეაქციას ჩვენ მიერ ადრე წამოწეულ წინადადებებზე ევროპაში დაძაბულობის შემცირების შესახებ.

მათ შორის: ოპერატიული სწავლებების რაიონის გადაწევას რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე; საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების ზღვრულ დისტანციაზე მიახლოებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე საშიში სამხედრო მოქმედებების აღსაკვეთად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში; რეგულარული დიალოგის განახლება თავდაცვით უწყებებს შორის რუსეთ-ამერიკის და რუსეთი-ნატოს ხაზით.

მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეუერთდეს რუსეთის ცალმხრივ მორატორიუმს ევროპაში მიწისზედა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განთავსების შესახებ, მოხდეს შეთანხმება და საჭირო ზომების შემოღება ორმხრივი ვალდებულებების შესრულების ვერიფიკაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ მიმართულებებზე რუსეთი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივი დიკუმენტების პროექტებს მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამის ფორმატებში.

კერძოდ, შევიტანთ კომპლექსურ წინადადებებს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების შესახებ სტრატეგიულ სტაბილურობაზე რუსეთ-ამერიკის დიალოგის მორიგი რაუნდის მომზადების ფარგლებში.

გამოვალთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამხედრო ასპექტების საგნობრივი განხილვისთვის თავდაცვის სამინისტროების ხაზით, ასევე რუსეთისა და ნატოს ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების მონაწილეობით. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ეუთოც არ დარჩეს ევროუსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის საკითხზე დისკუსიების მიღმა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ipn.ge