გერმანიაში დისტანციურად მომუშავე კაცი, რომელიც სამუშაო მაგიდასთან მიდიოდა და წაიქცა, კომპენსაციას მიიღებს

0
9

გერმანიაში დისტანციურად მომუშავე კაცი წაიქცა, როცა საძინებლიდან სამუშაო მაგიდასთან მიდიოდა. ფედერალურმა სოციალურმა სასამართლომ ინციდენტი საწარმოო ტრავმად შეაფასა და სადაზღვევო კომპანიას გადახდა დააკისრა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

შემთხვევა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წლის სექტემბერში მოხდა. კომპანია R-GmbH-ს გაყიდვების რეგიონული მენეჯერი საძინებლიდან სამუშაო კაბინეტში მიდიოდა, რომელიც სახლის ქვედა სართულზე მდებარეობს. კიბეზე ჩასვლისას ის წაიქცა და ხერხემალი დაიზიანა.

სადაზღვევო კომპანიამ კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც კაცმა სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელემ „მიიღო ტრავმა, როცა სამუშაოდ მიდიოდა“, ამიტომ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

ინციდენტის განხილვისას სასამართლომ აღნიშნა, რომ კაცი მუშაობას დილით ადრე იწყებდა და საუზმესაც ვერ ასწრებდა. The Guardian-ის ცნობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან დაზღვევა ფარავს მხოლოდ „პირველ, დილის მგზავრობას სამსახურში“. შესაბამისად, მოსარჩელე რომ საუზმის შემდეგ წაქცეულიყო, კომპენსაციას ვეღარ მოითხოვდა.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დაზღვევის შესახებ კანონი ვრცელდება დისტანციურ სამუშაო ადგილებზეც, მათ შორის „ავტომატიზებულ სამუშაო ადგილზეც“, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულის კერძო საკუთრების ტერიტორიაზე აწყობს.

imedinews.ge