„დაწყებულია დაბალფასიანი პროდუქტის იმპორტი, რაც საწვავის ფასების კორექტირებას შესაძლებელს გახდის“

0
29

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საწვავის გაიაფებას უახლოს პერიოდში ელის. როგორც მან ,,რეზონანსთან“ დაადასტურა, გლობალურ ტენდენციას საქართველოც უპასუხებს. ამასთან, მთვრალაშვილი საუბრობს იმ გარემოებებზე, რამაც ნავთობის გაიაფება გამოიწვია.

,,პირველი და უმთავრესი ფაქტორია ის, რომ აშშ-მ, და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინგლისი და ინდოეთი, მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  სტრატეგიულ მარაგებთან დაკავშირებით.

მათ ნედლი ნავთობი გამოაქვთ შიდა ბაზარზე, რაც  ისტორიული მოვლენაა, რადგან სულ რამდენიმეჯერ მოხდა ისტორიაში, როცა სტრატეგიული მარაგების გახსნეს და ნავთობის გამოყენება დაიწყეს. დღეს კი ვირუსის ახალი შტამი დამატებით მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, რომ ფასები ჩამოშლილიყო.

ბოლო 7-8 დღეა, რაც ეს ტენდენცია გრძელდება. პარალელურად მცირდება საერთაშორისო ფასი ,,პლატცის“ მიხედვით და ჩვენთანაც დაიწყება მნიშვნელოვანი კლება. კომპანიები მუდმივად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ახდენენ მარაგის შევსებას, შესაბამისად, დაწყებულია დაბალფასიანი პროდუქტის იმპორტი, რაც ფასების კორექტირებას შესაძლებელს გახდის. უახლოეს დღეებში დაიწყება გაიაფების ტენდენცია და მინიმუმ ეს იქნება 10-20 თეთრის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გაჩერდება.

იმპორტი მუდმივად მიმდინარეობს და როცა ადგილობრივი ბაზარი გადაჯერდება დაბალფასიანი პროდუქტით, ტენდენცია მკაფიოდ გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში ფასებზე საუბარი სპეკულაციურია“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.