„პენსიების დარიგების ხარჯის სუბსიდირება შესაძლოა განვიხილოთ იმ ადგილებში, რომელიც ძნელად მისადგომია“

0
34

უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, პენსიისა და სხვა სოციალური გასაცემლების სადისტრიბუციო ხარჯების სახელმწიფოსგან დაფინანსების შესაძლო სქემას “ბანკები და ფინანსებთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვაგვარად უნდა მოხდეს. კერძოდ, შემოვიდეს კონკურენცია და ე.წ საპენსიო სესხის პროცენტის ოდენობა ბაზარმა დაარეგულიროს.

„თუ სუბსიდირებაზე იქნება საუბარი, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ იმ ადგილებში, რომელიც ძნელად მისადგომია. საუბარი იქნება დაახლოებით 150 000 ადამიანზე. დანარჩენთან  ჩვეულებრივ შეიძლება, პენსიონერებს მიეცეთ არჩევანის საშუალება, სად აიღონ პენსია. ახლა ამ სადისტრიბუციო ხარჯს პენსიონერი იხდის, ეს კი შესულია სესხის პროცენტში, რაც საბოლოო ჯამში აძვირებს სერვისს.

როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც მიგვაჩნია, რომ თუ გვინდა საპენსიო სესხის პროცენტი იყოს დაბალი, ნებისმიერ ბანკს მაქსიმალურად უნდა მოვუხსნათ მონოპოლიური შესაძლებლობები. თუ მონოპოლია არ იქნება, ეს ბაზრის მეშვეობით, ბუნებრივად, დარეგულირდება,“ – აცხადებს მანჯგალაძე.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლებელია თუ არა სადისტრიბუციო ხარჯი დააფინანსოს სახელმწიფომ და ეს განხილულ იქნას პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად, მანჯგალაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს დათვლა იმისი, თუ რამდენი ადამიანია, ვისაც ამ ტიპის მომსახურება  ესაჭიროება და რა ჯდება დისტრიბუცია.

„ჯერ უნდა დავთვალოთ რაზეა ლაპარაკი,თუმცა, ჩვენ ვრჩებით ერთგულები იმისა, რომ მონოპოლიური მდგომარეობა არავის არ უნდა ჰქონდეს. დღეს იცით,რომ სესხი  36%-ია და შესაძლებელია  მისი დაახლოებით 10%-ით  შემცირება,“ – აღნიშნავს მანჯგალაძე.

კითხვაზე, თუ რა გათვლებს ემყარება  ე.წ საპენსიო სესხის დაახლოებით 10%-ით შემცირების შესაძლებლობა, რამდენად რეალურია ეს და აქვს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ეს დათვლილი, დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიას ამაზე კალკულაცია არ გაუკეთებია და ეს ცალკეული ექსპერტების მოსაზრებაა, მათ ვინაობას კი მანჯგალაძე ვერ  ასახელებს.

შეგახსენებთ, ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის მოსაზრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, უნდა განიხილებოდეს სადისტრიბუციო ხარჯების სახელმწიფოსგან დაფინანსების საკითხი.