ვახტანგ ბუცხრიკიძე: გვინდა, 2022 წლიდან ყოველ წელს თითო ქვეყანაში შევიდეთ

0
7

2022 წლიდან ყოველ წელს ერთ ქვეყანას დავამატებთ, ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

რომელი ქვეყანა იქნება პირველი ჯერ უცნობია. ბუცხრიკიძის თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანას სწავლობენ.

“ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2022 წლიდან გვინდა თითო ახალი ქვეყანა დავამატოთ. “თიბისი ჯგუფი”, თავისი აქტივებით და სესხებით არის ქართული, რადგან 95% აქ არის, თუმცა კლიენტების რაოდენობით პირიქით არის. ჩვენი 6 მლნ მომხმარებლიდან 2/3-ზე მეტი უცხოეთშია წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, უცხოეთში არ გვექნება კორპორატიული ბიზნესი და იპოთეკური სესხები, მაგრამ საცალო ბიზნესის მიმართულებით, საშუალო ვადაში, ანუ 2025 წელს, საქართველოში რაც გქვენება, იმაზე არანაკლები გვქნება უცხოეთში, შეიძლება ითქვას 50/50-ზე.”–განმარტავს, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, “თიბისის” მთავარი მიზანი და სტრატეგიაა, რომ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.

“ვიქნებით ფიზიკურ პირებზე ორიენტირებული, შევალთ მცირე კომპანიების დაფინანსებაში, მაგრამ იმ ზომამდე, რაც მოგვცემს მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას. მაგალიითისთვის, უზბეკეთში ყველა სესხის დამტკიცება ხდება ავტომატურად და შეიძლება ითქვას ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში. ვაპირებთ, რომ მომავალი 12-დან 24 თვის განმავლობაში შევიდეთ მცირე სესხებში, თუმცა იქ, სადაც ყველა გადაწყვეტილება იქნება ავტომატურ რეჟიმში.“–აცხადებს, “თიბისის“ გენერალური დირექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროცესების მართვა ხორციელდება საქართველოდან. ბუცხრიკიძის თქმით, სტრატეგიის იდეაც ეს არის, როდესაც “თიბისი” 2025 წელს დაახლოებით 4-5 ქვეყანაში შევა, 80% ძირითადი სტრატეგიული საკითხებისა საქართველოდან იქნება მართული, ხოლო დანარჩენი 20% ადგილზე, სხვა ქვეყანაში.

დღესდღეობით, თიბისი ბანკი წარმოდგენილია 3 ქვეყანაში: საქართველო, უზბეკეთი და აზერბაიჯანი.

business-partner.ge