“ინფლაცია ოფიციალურ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ფასების მოთოკვა 2022 წელსაც ვერ მოხერხდება”

0
12

“ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს.

მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი რომ იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება, ეს ახალი არავისთვისაა და ამას ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდანაც ვიგებთ.

თუმცა მე გეტყვით კიდევ უფრო რატომ გაიზრდება ფასები და რეალური ინფლაცია რატომ არის უფრო მაღალი, ვიდრე ოფიციალური.

ბოლო მონაცემებს თუ შევხედავთ ინფლაციაზე მოქმედებს რამდენიმე მთავარი ფაქტორი. როგორიცაა ნავთობის გლობალური ფასები და ეროვნაული ვალუტის კურსი. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ფაქტორები ჩვენი კონტროლის მიღმაა, გვრჩება შიდა, ეროვნული ვალუტის ფაქტორი.

მართალია სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზე აქვს აწეული და ლარი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ღირს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ამან კი კურსის გაჯანსაღების მიმართულებით მაინც ვერ იმუშავა. პროცესს რაღაც უშლის ხელს. აი ეს რაღაც კი არის ლარის მასა (ბეეეეეეეეეეეევრი ლარი).

საქმე ის არის რომ თუ ლარის მასას შევხედავთ ის წლის მაქსიმუმზეა. მეტიც M2 აგრეგატი 2 მილიარდით აღემატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგრამ ამ შემთხვევაში კურსზე უფრო მყისიერ გადაცემას ყოველკვირეული რეფინანსირების სესხები ახდენს, რომელიც ბოლო ერთი თვეა შეუქცევადად იზრდება.

მნიშვნელოვან წილად სწორედ აქედანაა განპირობებული ლარის, 3 დღეში 3 თეთრით გაუფასურება. ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას თუ შევხედავთ, ლარის დევალვაცია მნიშვნელოვან გადაცემას ახდენს ფასების დონეზე. სწორედ ამიტომ მოიმატებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში ფასების დონე უფრო მეტად.

ახლა რაც შეეხება იმაზე უფრო მაღალ ინფლაციას, ვიდრე ეს ოფიციალურად გვაქვს.

2011 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება. მაგალითად სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი შემცირდა 40%-დან 30%-მდე, შემცირდა აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი. ახლა შევხედოთ ჯგუფებს, თუ სად არის ყველაზე მეტად ფასები მომატებული.

დიახ სურსათის ჯგუფში, 15.9%, კომუნალურები 11.8%, ჯანდაცვა 9.2%. დიახ, სწორედ ამიტომ, დღეს მიზნობრივზე 4-ჯერ უფრო მაღალი ფასების ზრდა, რეალურად კიდევ უფრო მაღალია”, – წერს პაატა ბაიხარტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.