ანა დოლიძე საპენსიო საკითხებზე საგნობრივ საუბარს თავს არიდებს

0
35

საპენსიო მომსახურების და მასზე რიცხული პროცენტების საკითხი მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალის კამპანიაში ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდა. მაგალითად, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ის მთავარ დაპირებად იქცა და მათ საკანონმდებლო ინიციატივაც შეიმუშავეს. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებისთვის“, საპენსიო სესხები, მოსახლეობასთან კომუნიკაციისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ანა დოლიძის პარტიისთვის – „ხალხისთვის“ ეს საკითხი ასევე ხშირად იყო წინასაარჩევნო აქტივობების საგანი, უფრო მეტიც, დოლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელითაც კი მიმართა.

„ბანკები და ფინანსები“ შეეცადა მათგან საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური და საგნობრივი ინფორმაციის მოპოვებას, რათა საზოგადოებისთვის გასაგები გამხდარიყო როგორ, რა გზებით და საშუალებებით გეგმავენ პოლიტიკოსები საკრედიტო პროდუქტის ფასის რეგულირებას.

სამწუხაროა, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის მიდგომა ასეთი სენსიტიური საკითხისდამი. მასთან კომუნიკაციას და ინტერვიუს ჩაწერას, ან მიწოდებულ კითხვებზე პასუხების მიღებას თითქმის 2 კვირაა ვცდილობთ, თუმცა – უშედეგოდ. მისი ოფისიდან მიღებული ბოლო პასუხი იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ქალბატონი ანა, ვერ იცლის და ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მხოლოდ არჩევნების შემდეგ გამონახავს დროს…

არადა, საპენსიო თემები ის საკითხია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს. შესაბამისად, „ბანკები და ფინანსები“, როგორც პასუხისმგებლიანი ეკონომიკური მედია, მოწოდებულია, რომ საკუთარი პლატფორმა პოლიტიკოსებს სწორედ საგნობრივი მსჯელობისთვის, არგუმენტებისა და კვლევების წარმოსაჩენად დაუთმოს. მიგვაჩნია, რომ  მნიშვნელოვანია, იგივე საპენსიო სესხის საკითხის ირგვლივ კონკრეტული განხილვები ისმოდეს და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საგნობრივი მსჯელობისგან სრულად დაცლილია.

სამწუხარო და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები არსებითი განხილვების, არგუმენტების და კონკრეტიკის ნაცვლად, ფონს გასვლას იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობენ. პოპულიზმია, როდესაც პოლიტიკოსები საკითხის ირგვლივ ისე მსჯელობენ, რომ უბრალოდ დაზუსტებულიც კი არ აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა. ასევე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს დეტალურად არ აქვთ შესწავლილი საპენსიო მომსახურების ირგვლივ არსებული ტექნიკური დეტალები. უფრო მეტიც, როდესაც საკითხის შესახებ კონკრეტული კითხვები დაისმის, პოლიტიკოსები მსჯელობის წამოწყებას თავს არიდებენ და ყველანაირად ცდილობენ განხილვა ისეთ სიბრტყეში გადაიტანონ, სადაც კონკრეტიკის გარეშე საუბარს შეძლებენ.

იმედს ვიტოვებთ, პოლიტიკოსები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან აღნიშნული საკითხების განხილვას და დაასრულებენ იმ მანკიერ პრაქტიკას, რასაც წინასაარჩევნოდ 800.000-მდე პენსიონერის წინაშე წინასაარჩევნო კეკლუცობა ჰქვია.

აქვე წარმოგიდგენთ იმ კითხვების ჩამონათვალს, რომლითაც „ხალხისთვის“ ლიდერს მივმართეთ. ანა დოლიძის მხრიდან მათზე საკუთარი ხედვებისა და პოზიციების წარმოჩენა, დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ხელს თუ შეუწყობდა საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირების მისეული ხედვის უფრო ნათლად წარმოჩენას მისივე პოტენციური ამომრჩევლისთვის. სამწუხაროა, რომ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. მხოლოდ ის დაგვრჩენია, ქალბატონი ანას კონკრეტული და საგნობრივი ხედვები საპენსიო სესხებთან დაკავშირებით,  იმ დროისთვის შემოვუნახოთ ჩვენს მკითხველს, როცა იგი ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მოიცლის. მანამდე, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ კითხვებს გთავაზობთ, რომლებიც ქალბატონ ანა დოლიძეს 10 დღის წინ, 21 სექტემბერს გადაეგზავნა.

– ქალბატონო ანა, თქვენ ხშირად გამოდიხართ საპენსიო საკითხების მოწესრიგების ინიციატივით. საინტერესოა როგორია თქვენი ხედვა, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს საპენსიო სესხების საკითხი და როგორ უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე?

თქვენ საჯარო გამოსვლებში აცხადებთ, რომ „ლიბერთი ბანკი“ საკმაოდ მაღალ პროცენტში გასცემს საპენსიო სესხებს. საინტერესოა, რა სასესხო პროდუქტს ადარებთ, როდესაც აღნიშნული შინაარსის განცხადებას აკეთებთ? და აქვე რამდენი პროცენტია თქვენი აზრით მისაღები და რატომ?

აქვე გკითხავთ, თქვენს პარტიას ხომ არ ჩაუტარებია საპენსიო სესხების საკითხზე რაიმე კვლევა ან ანალიზი? კონკრეტულად თუ გაქვთ შესწავლილი  ბაზარზე არსებული სიტუაცია? თუ შეისწავლეთ იქნებ გაგვაცნოთ ამ კვლევის შედეგები.

ჩვენს მიერ გამოქვეყნდა ჟურნალისტური მოკვლევის შედეგები, სადაც საუბარია, რომუფროსი ასაკის პირებისთვის სესხები სხვა ბანკებში უფრო მაღალი პროცენტითაა, ვიდრე „ლიბერთი ბანკში“. იცნობთ თუ არა აღნიშნულ მოკვლევას და თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? https://bfm.ge/ra-protsentshi-sheudzliath-seskhis-agheba-60-tsels-gadatsilebul-moqalaqeebs-qarthul-bankebshi/

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში საპენსიო სესხების საკითხზე თქვენ შეიტანეთ სარჩელი, რას გულისხმობს აღნიშნული სარჩელი?

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ საპენსიო სესხები უნდა იყოს გამონაკლისი და სახელმწიფომ უნდა დაუდგინოს საბაზრო განაკვეთი ბანკს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 18%. რატომ 18%? აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი რაიმე ანალიზის საფუძველზე მიიღეთ, თუ უბრალოდ თქვენი პირადი შეხედულებით ეს პროცენტი მისაღები იქნებოდა უფროსი თაობის ადამიანებისთვის?

აქვე გკითხავთ, იმ შემთხვევაში თუ როგორც თქვენ ამბობთ, სახელმწიფო დაუშვებს გამონაკლისს და ბანკს ხელოვნურად განუსაზღვრავს პროცენტს, იქნება თუ არა ეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების უგულებელყოფა და, თქვენი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება აღიქმება თუ არა ბანკის საქმიანობაში უხეშად ჩარევის მცდელობად?

იმედს ვიტოვებთ, ქალბატონი ანა დოლიძე ჩვენს კითხვებს გამოეხმაურება. თავის მხრივ, ჩვენი მხრიდან კითხვებზე პასუხების დაჟინებით მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის წარმომადგენლების ყურადღება საპენსიო საკითხებისადმი აქტიურად არის მიპყრობილი. შესაბამისად, პოლიტიკოსების მხრიდან მათ საგნობრივი მსჯელობა აინტერესებთ და არა, უბრალოდ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით გაკეთებული ფრაგმენტული განცხადებები.

ცნობისთვის, „ბანკები და ფინანსების“ მიერ ახლახანს ჩატარებული მოკვლევის თანახმად ირკვევა, რომ 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე (ამ ტიპისაა სწორედ ე.წ. „საპენსიო სესხები“) „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაწესებული ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 30,65%. უფრო მეტიც, ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ 30.65%-იანი საპროცენტო განაკვეთი დღეს სხვა ბანკებთან შედარებით, ანალოგიურ სესხებზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია.