თურნავა – საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს

0
21

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო – ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო დინამიკა მზარდია.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა საამიროების მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომელიც საქართველოდან პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, აქვს საქართველოს მწარმოებლებთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება და რაც მთავარია, მის სავაჭრო ქსელში ყოველწლიურად იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით, აგროსამრეწველო ნაწარმის მოცულობა.

ვფიქრობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.