პაატა მანჯგალაძე საპენსიო სესხებზე – „ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და პროცენტების განსაზღვრა არ შეესაბამება თავისუფალი საბანკო ეკონომიკის პრინციპებს“

0
122

„ჩვენ პროცენტებზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვთავაზობთ მექანიზმს, დანარჩენი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და პროცენტების განსაზღვრა არ შეესაბამება თავისუფალი საბანკო ეკონომიკის პრინციპებს“, – ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ ე.წ. საპენსიო სესხის საკითხზე საუბარში პოლიტიკური პარტიის „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„მე არ ვიცი გიორგიმ (ვაშაძემ) სად თქვა 20%-ი, მაგრამ როდესაც საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებს ვესუბრებოდით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მეც ვიყავი, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელი იყო, რომ სესხის პროცენტი გათანაბრებულიყო ჩვეულებრივი (არაპენსიონერები) მოქალაქეების მიერ აღებულ სესხთან“, – განმარტა მან დამატებით.

„ბანკები და ფინანსებმა“ მანჯგალაძეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირება სთხოვა, რომლითაც  „აფბამ“ „მესამე ძალას“ იმ ხედვების დეტალურად და საჯაროდ გამოქვეყნებისკენ მოუწოდა, რაზე დაყრდნობითაც პოლიტიკური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტი განაკვეთის შემცირება 20%-მდეც კია რის შესაძლებელი.

მანჯგალაძის თქმით, საპენსიო სესხზე პროცენტი არის ძალიან მაღალი.

„პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმად დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც პენსიონერს მისცემდა შესაძლებლობას აერჩია პენსიის მიმღები საბანკო დაწესებულება.

ჩვენ ამოვდიოდით ეკონომიკის ზოგადი პრინციპიდან, ყველამ ვიცით, რომ თუ არის კონკურენცია, ალბათობა მაღალია იმისა, რომ ფასმა დაიწიოს. ამაზეა სულ საუბარი. რამდენი პროცენტით დაიწევს, რას იზამს, როგორ მოხდება, თავისუფალი ბაზრის პირობებში, ამას დრო გამოაჩენს.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ, პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ეკონომიკურ პლატფორმა bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი გუნდის კვლევებით საპროცენტო განაკვეთის შემცირება 20%-მდც კი არის შესაძლებელი.

კერძოდ, მან განაცხადა: „ჩვენი გათვლებით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება იქ აიღოს სესხი, სადაც მას უნდა. ეს კონკურენციას გაზრდის და ჩვენი გუნდის კვლევებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება“ (ციტატა).

ვაშაძის ამ განცხადების შემდგომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, საჯარო გახადოს და ღია დისკუსიის საგნად აქციოს აღნიშნული კვლევები.

ამ დროისთვის, „აფბას“ ამ მოწოდებას „მესამე ძალა“ არ გამოხმაურებია.

საკითხთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის ინტერვიუს სრულ ვერსიას „ბანკები და ფინანსები“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.