ნათია თურნავა – 1-ლი სექტემბრიდან ქართული წარმოების გაძლიერების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების ხელშემწყობ პროგრამას ავამოქმედებთ

0
18

პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის საწარმოები, რომლებიც ჩართული არიან საექსპორტო წარმოებაში ან არიან იმპორტის კონკურენტები და ემსახურებიან იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას და ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ერთდროულად მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე პროექტის 15 პროცენტით (არაუმეტეს 500 000 ლარი) საგრანტო თანადაფინანსებას გავუწევთ ბანკების წინაშე, ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი ან უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი.

„პირველი სექტემბრიდან ოჯახებს, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რათა გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და შეიძინონ საცხოვრებელი ბინა, უკვე შეუძლიათ, მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები“, – დასძინა ნათია თურნავამ.