სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

0
16

სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები ამოიღეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს, სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

ექსპერტიზით დადგენდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.