მეუფე იოანე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

0
17

მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო, აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქუჩის აქციებს სიკეთე არ მოაქვს არავისთვის. სწორი გზა ხელისუფლებასთან დიალოგი იქნება.

“ვარლამმა პეტიცია რომ შეიტანა პარლამენტში, უნდა ყოფილიყო დიალოგი სპეციალისტებთან. მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა და დატოვა, უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს.

შეიძლება, რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცები, მაგრამ მერე იფუშება. ისინიც სუბიექტურები არიან. თავიდან კატასტროფაზე საუბრობენ და რეალურად საუბარია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა გადაიხედოს, რომ მოიხსნას დაპირისპირება. პრემიერმა თქვა, რომ მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც გადახედავენ ამ ხელშეკრულებას. უნდა დაველოდოთ.

სამუშაოები შეჩერებულია, კაშხალი არ შენდება. მოსახლეობას, რაც უფრო ობიექტური ინფორმაცია ექნება, მით უფრო ნაკლები იქნება პრობლემა” , – განაცხადა მეუფე იოანემ.