Home » ფინანსები » 2021 წლის მესამე კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა

2021 წლის მესამე კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა

2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6 პროცენტი). 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში.

ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  1. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად;
  2. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად.

„ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price). RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს ე.წ. „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, RPPI ასახავს „ტიპიური“ საცხოვრებლის ფასის დროში ცვლილებას.“-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share