Home » ფინანსები » 2021 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 20.3%–ით გაიზარდა

2021 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 20.3%–ით გაიზარდა

2021 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 20.3 პროცენტიანი ზრდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2021 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (4.9 პროცენტი), რამაც 3.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (57.6 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 0.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 7.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.52 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-17.8 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 24.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 19.67 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.5 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (185.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (59.6 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.02 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

Share