Home » ეკონომიკა » 2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (3638057), ჩინეთი – 9% (3373517), ლატვია – 4% (1119219), ლიეტუვა – 56% (675510), აშშ – 26% (700696), გერმანია – 23% (553852) და დიდი ბრიტანეთი – 73% (435 264).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 132% (235888), შვედეთი – 65% (69280), ჩეხეთი – 646% (112236), საფრანგეთი – 31% (50416), ყაზახეთი – 37% (2552200), ისრაელი – 52% (304827), აზერბაიჯანი – 21% (158411), თურქეთი – 156% (77226), უკრაინა – 16% (7366327), რუსეთი – 17% (39474016), მონღოლეთი – 316% (306690), ბელარუსი – 13% (2062327) და ა.შ.

“ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე”, – აღნიშნულია ინფომაციაში.

Share