Home » ფინანსები » 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, „თელასის“ მოგებამ 15.474 მლნ ლარი შეადგინა

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, „თელასის“ მოგებამ 15.474 მლნ ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში სს „თელასის“ შემოსავალი 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, გაიზარდა. ამის შესახებ სააქციო საზოგადოების მიერ შევსებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მოხდა საზოგადოების ფუნქციების ცვლილება.

კერძოდ, 2021 წლის 1-ელ ივლისამდე საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეობა იყო ელექტროენერგიის შესყიდვა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მომხმარებლებზე განაწილება თბილისში. 1 ივლისიდან ენერგოკომპანიის მიწოდების და განაწილების ფუნქციები გაიყო და საზოგადოება დაკავებული არის მხოლოდ განაწილების საქმიანობით.

რაც შეეხება „თელასის“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განაწილებიდან მიღებულმა ამონაგებმა შეადგინა 296.196 მლნ ლარი, რაც 105.602 მლნ ლარით მეტია 2020 წლის 6 თვესთან შედარებით. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ქსელში გაშვებამ შეადგინა 1 360 კვტ., ხოლო 2020 წლის 6 თვეში – 1 307 კვტ. ასევე ამონაგების ზრდაზე ზეგავლენა მოახდინა განაწილების ტარიფის ზრდამ სემეკ-ის 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით.

ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „თელასის“ მოგებამ 15.474 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის 6 თვის პერიოდში საზოგადოებამ მიიღო 49.427 მლნ ლარის ზარალი. ანგარიშგების თანახმად, მაჩვენებლის ზრდა, განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ნაწილობრივ მოხსნილი იქნა ის შეზღუდვები, რომლებიც გასულ პერიოდში შემოღებული იქნა COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით; ასევე სემეკის 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით გაიზარდა ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1-ელ 6 თვეში „თელასში“ დასაქმებული იყო 1 960 ადამიანი, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი – 1 983 იყო.

შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ Интер РАО-სა და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქართულ მხარეს კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Inter RAO-მ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. მას, ასევე, კომპანია „თელასის“ ელექტროქსელის 75% ეკუთვნის.

რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიას გადახედა, რაც ტარიფის გაზრდით ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებს არ იძლეოდა. Inter RAO-მ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების გადახედვის თაობაზე 2016 წელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

წყარო: Bpn.ge

Share