Home » ფინანსები » 2021 წელს სამელიორაციო მომსახურების ტარიფები არ შეიცვლება

2021 წელს სამელიორაციო მომსახურების ტარიფები არ შეიცვლება

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო მომსახურების დღეისათვის არსებული ტარიფები იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ტარიფები დადგენილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2011 წლის 2 თებერვალს, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური შეადგენს წელიწადში 75 ლარს ჰექტარზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 45 ლარს ჰექტარზე. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე დრენაჟის საფასური 40 ლარია.

„საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, იზრდება სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, აქტუალური ხდება წყლის რაციონალურად განაწილებისა და ეფექტიანად მოხმარების საკითხი. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინტენსიურად ახორციელებს როგორც ძველი სამელიორაციო სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციის, ისე ახალი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა 400 მლნ ლარამდე თანხა; შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 000 ჰექტრამდე მელიორირებული ფართობია. მათ შორის, 150 ათას ჰექტარამდეა წყალუზრუნველყოფილი ფართობი. დაახლოებით სამჯერ გაიზარდა როგორც წყალუზრუნველყოფილი, ასევე დაშრობილი მიწები.

ბოლო წლებში განხორციელდა თითქმის ყველა ძირითადი სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ასევე მაგისტრალური არხების აღდგენა/მოწესრიგება; მეტი ინტენსივობით გაგრძელდება სარწყავი შიდა ქსელების მოწყობა.

მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 40 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პარალელურად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს საირიგაციო სისტემების მოწყობის სამუშაოები სამ ლოკაციაზე კახეთსა და შიდა ქართლში, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 90 მლნ ლარია.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან სხვადასხვა რეგიონში სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაციის სამუშაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამჟამად, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე

დასრულდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ორ ძირითად – სიონისა და ალგეთის საირიგაციო წყალსაცავზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2019 წელს, მიიღო კანონი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობას.

კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, შემუშავდეს სატარიფო მეთოდოლოგია და 4 წლის ვადაში, 2023 წლის 19 დეკემბრამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საირიგაციო მომსახურების ტარიფების დადგენა“, – ნათქვამია გარემოს სადცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share