ალექსანდრ ლუკაშენკომ გაფიცული საწარმოების დახურვის ბრძანება გასცა

0
8

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაფიცული საწარმოების დახურვის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ვთხოვ გუბერნატორებს, აღმასკომების თავმჯდომარეებს – თუ ვინმეს მუშაობა არ სურს, არ დააძალოთ. არაა საჭირო. ჩვენ მათ მაინც ვერ ვაიძულებთ, მაგრამ თუ საწარმო არ მუშაობს – ორშაბათიდან კარებზე ბოქლომი ჩამოკიდეთ. როდესაც ხალხი დამშვიდდება, მერე ვიმსჯელებთ, ვინ დავაბრუნოთ სამსახურში და ვინ – არა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის უმსხვილესი საწარმოების თანამშრომლები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც ქვეყნის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა. კერძოდ გაფიცულები არიან „ბელაზის“, „მაზის“, „მინსკის სატრაქტორო ქარხნის“, „მინსკის სამხედრო სატვირთოების ქარხნის“, „გრონდო-აზოტის“ მუშები. ისინი მილიციის მხრიდან ძალის გადამეტების შეწყვეტას, ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

Imedinews.ge