აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა

0
12

2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 2020 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი მატება. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1 პროცენტი), თევზეული (6.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი კლება.