Home » ეკონომიკა » 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა

2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა.

„2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა“,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

გასულ წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

Share