საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

0
83
საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა.

„Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს  შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად გემებისათვის დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებელი ქარხნის აშენებაზე. ეს ცენტრი ერთგვარი სადისტრიბუციო ჰაბი გახდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოსამარაგებლად. ქარხნის აშენების საკითხები უკვე ინტენსიურად განიხილება კომპანია ევოლვის პირველ ვიცე-პრეზიდენტ  ჯორჯ კარსტენ ირვინსა და კომპანია SAVM-SABA-ს მმართველ დირექტორ დევიდ აურის შორის.

საქართველოში გემების დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებელი ქარხნის აშენების იდეას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ის ფაქტი, რომ  უკვე 2020 წლის 1 იანვრიდან ‘“საერთაშორისო სანაოსნო ორგანიზაციის“ ახალი გლობალური გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ ამ ტიპის საწვავით შეძლებენ ოპერირებას გემები. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება უდიდეს გავლენას ახდენს გადაზიდვების ტარიფებსა და გემთმფლობელ კომპანიებზე.

„საქართველოში, ადგილობრივი მოხმარებისთვის და რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონში გემების დაბალგოგირდოვანი მაზუთის საწარმოებლად და დისტრიბუციისთვის ჰაბის შექმნა, პირდაპირი და მკაფიო მესიჯი გახდება მსოფლიო ლიდერებისთვის, რომ საქართველო საგნობრივად ეხმიანება „კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების“  მიზნებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი მცოდნე, გამოცდილი კადრი და სამუშაო ძალაა ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა კი შავი ზღვის რეგიონში წარმოადგენს ოპტიმალურ  შესაძლებლობას იმ ტექნოლოგიის დასანერგად, რომლის გამოყენებასაც უკვე 2020 წლიდან დაიწყებს მთელი მსოფლიო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საწარმოს დღიური წარმადობა იქნება  30.000 ბარელი ნავთობის გადამუშავება, მაგრამ ეს მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პროექტის განხორციელებისგან საქართველო მიიღებს დიდ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს. პროექტი ითვალისწინებს ასობით მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას.

“ბანკები და ფინანსები”