მარიამ ქვრივიშვილი – ბრიტანული ტურისტული ინდუსტრია მთლიანად საქართველოზე გადმოერთვება

0
83
მარიამ ქვრივიშვილი - ბრიტანული ტურისტული ინდუსტრია მთლიანად საქართველოზე გადმოერთვება

ბრიტანეთის ტურისტული ასოციაციის [ABTA] მიერ საქართველოს 2020 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელება ნიშნავს, რომ ბრიტანული ტურისტული ინდუსტრია ფაქტობრივად, მთლიანად საქართველოზე გადმოერთვება. შესაბამისად, მომავალ წელს ბრიტანეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ველოდებით. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ABTA-ის მიერ 2020 წლის საუკეთესო 11 ტურისტულ ქვეყანას შორის საქართველოს საუკეთესო მიმართულებად დასახელების მნიშვნელობა განიხილეს. გადაცემის წამყვანმა წაიკითხა ამონარიდი ABTA-ს ანგარიშიდან, სადაც ნათქვამია: „საქართველო სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა და გამაოგნებლად სასიამოვნო [ტურისტული] მიმართულებაა. თბილისი კი გართობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ნახავთ უამრავ ბარსა და რესტორანს, სადაც მაღალი ხარისხის ქართული ღვინო აქვთ, რეგიონები კი სიმწვანით და ხელუხლებელი ბუნებით გამოირჩევა. ქვეყანაში იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, მათ შორის ჯვარი და სვეტიცხოველი.“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, ABTA-ს აღიარება მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს, როგორც მაღალი მხარჯველუნარიანი ბრიტანელი ტურისტების მოზიდვას, ისე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო არენაზე.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღიარება, რადგან ქვეყანა საერთაშორისო არეალზე მოხვდა, თანაც ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზრის ინტერესის არეალში. 11 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელება საკმაოდ დიდი აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ბრიტანეთის ბაზარზე. მიმდინარე წელს განსაკუთრებით ბევრს ვსაუბრობდით, რომ ბრიტანეთი ტურისტების მოზიდვის კუთხით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე რეგიონია. მიზეზი მარტივია, რადგან ბრიტანეთის მოქალაქეები მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან როგორც ჩვენს ქვეყნაში, ისე ზოგადად როცა მოგზაურობენ. რაც შეეხება აღიარებას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ის სტრუქტურა, რომელმაც საქართველო 2020 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტრუქტურაა ტურიზმის მიმართულებით და დაახლოებით 4300-ზე მეტ ტურისტულ ბრენდს აერთიანებს. ეს ასოციაცია არის სამოგზაურო რეალობაში ტრენდის განმსაზღვრელი. როდესაც ეს სტრუქტურა 4300 კომპანიას ეუბნება, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ ხმათა უმრავლესობით დავადგინეთ, როგორც საინტერესო და 2020 წლის პრიორიტეტი უნდა იყოს – ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელი ტურიზმის ინდუსტრია, კერძო სექტორი, ტურისტული კომპანიები, ტუროპერატორები, კორპორატიული სეგმენტი მთლიანად საქართველოზე გადმოერთვებიან“, – განმარტა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს აღიარება ყველაზე მეტად მაინც ქართულ კერძო სექტორს აძლევს ხელს.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენივე კერძო სექტორისთვისაა, რადგან იმ ქართულ ტუროპერატორებსა და ტურისტული კომპანიებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრიტანეთის მიმართულებით შესაძლოა, არცთუ ისე დიდი ბიზნესი ჰქონდეთ, წვდომა ექნებათ პოტენციურად 4000-მდე კომპანიაზე, რომლებმაც უკვე იციან, რომ საქართველო ხმათა უმრავლესობით საინტერესო მიმართულებათა შორის მოხვდა. მეორეს მხრივ, ეს საქართველოს ცნობადობას და ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და ასევე ციფრებსა და შემოსავლებზე აისახება. ჩვენი მოლოდინი ძალიან მაღალია. ჩვენ გვიხარია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ბევრ სხვა ფაქტორთა შორის ჩვენ მიერ ბრიტანეთში 2019 წელს გატარებული მარკეტინგული კამპანიის ფაქტორიც იყო, რომელიც წარმატებული გამოდგა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ 2020 წელს კიდევ უფრო გაზრდილ ნაკადს ვნახავთ უშუალოდ ბრიტანეთიდან და ქართული ბიზნესიც მეტ სარგებელს ნახავს“, – განუცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

ბიზნესპარტნიორი