10 თვეში ბანკების მოგება 32 მილიონით გაიზარდა და 738 მილიონი ლარი შეადგინა

0
25
10 თვეში ბანკების მოგება 32 მილიონით გაიზარდა და 738 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში კომერციული ბანკების მოგებამ 738 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მოგებაზე დაახლოებით 32 მილიონი ლარით (5%-ით) მეტია. 2018 წლის იანვარ–ოქტომბერში კომერციული ბანკების მოგება 705.7 მილიონს შეადგენდა.

რაც შეეხება კონკრეტულად ოქტომბრის თვის მონაცემებს, 2019 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 87 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 8 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 103 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წლის სექტემბერში – 88 მილიონი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბანკების შემოსავლებმა 399 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 320 მილიონი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. მათ შორის, საბანკო სექტორმა 170 მილიონი ლარის შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან, ხოლო 108 მილიონი ლარი იურიდიული პირების შემოსავლებიდან მიიღო.

გარდა ამისა, 2019 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,6 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 1,1 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 29 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, 2019 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის ხარჯებმა 301 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, 157 მილიონი იყო საპროცენტო ხარჯი, ხოლო 110 მილიონი არასაპროცენტო ხარჯი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 10,385 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ელენე ციგრიაშვილი