პრეზიდენტის ახდენილი ოცნება – ახალი რეზიდენციისთვის თანამედროვე და ანტიკვარული ავეჯის შესაძენად 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯა

0
41
პრეზიდენტის ახდენილი ოცნება – ახალი რეზიდენციისთვის თანამედროვე და ანტიკვარული ავეჯის შესაძენად 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯა
მომავალი თაობისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაზე მზრუნველ პრეზიდენტს, არცერთი ქართული წარმომავლობის ნივთი არ შეუძენია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავიდა და პრეზიდენტის ფუნქციებიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა, როგორც ჩანს, დღემდე ქვეყნის პრეზიდენტობა, მაინც საოცნებო რეზიდენციაში, განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრებას გულისხმობს. ჯერ იყო და სააკაშვილმა ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში და კეთილმოწყობაში, შემდეგ მარგველაშვილმა უარი განაცხადა ათონელის რეზიდენციაზე, რომლის აშენებაც 28 მილიონი დაჯდა და წინამორბედის მსგავსად მანაც ავლაბრის რეზიდენციაში გააგრძელა ცხოვრება. ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ათონელზე საოცნებო სახლი მოეწყო და რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 800 000 ლარი გამოაყოფინა.

მართალია, ამ თანხიდან მხოლოდ 2 174 783 ლარი დაიხარჯა, თუმცა ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა 11 ანტიკვარულ ნივთზე დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას.

მართალია, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში ცხოვრებას და უფრო მოკრძალებულ ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში პრეზიდენტის სკამმა მასზეც მოახდინა გავლენა და გადაწყვიტა რამდენიმე მილიონი მისთვის საოცნებო ნივთებზე დაეხარჯა. საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებით ანტიკვარული ნივთების დიდი მოყვარული აღმოჩნდა და მან 1 199 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შესაძენად დახარჯა. განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი, რომლის ღირებულებაც 59 000 აშშ დოლარს შეადგენს, ასევე პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) “ბიუროს სეკრეტერი” – საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი.

როგორც ჩანს, ჩვენს “ყველაზე ევროპელ პრეზიდენტს” – როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს რუსული ანტიკვარული ავეჯი განსაკუთრებით ჰყვარებია, ალბათ ამ ნივთების შეძენა დიდი ხნის ოცნებადაც ჰქონდა ქცეული და როდის, თუ არა ქვეყნის პრეზიდენტობის დროს, ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოეხდინა მათი შეძენა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით ანტიკვარული ნივთების შესყიდვა ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას და ეს მაშინ, როდესაც შესყიდულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის.

“თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) შეისწავლა აღნიშნული საკითხი და შესაბამისი ინფორმაციაც გამოაქვეყნა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, IDFI–ში აცხადებენ, რომ გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს. კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან.

ანტიკვარიატის შეძენაზე დახარჯული 1,199,558 ლარი

IDFI–ს კვლევის მიხედვით შესაძენი ნივთების ავთენტურობის, სიძველისა და ფასების დადგენის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევდა სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეროვნული მუზეუმის მიერ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას. თუმცა, როგორც IDFI-სთვის მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, საბოლოოდ აღნიშნული ნივთების შესწავლაში მონაწილეობდა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის 3 თანამშრომელი. ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა სულ შეისწავლა 62 ანტიკვარული ნივთი, საიდანაც 51-ზე შესაძლებლად მიიჩნია ნივთის შეძენა შემოთავაზებულ ფასად, ხოლო 11 შემთხვევაში დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას.

კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა; ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;

ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული – პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) `ბიუროს სეკრეტერი~ – საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი; შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური;

უტენდეროდ დახარჯული 720 225 ლარი

IDFI-ს კვლევის მიხედვით თანამდეროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვაზე, 7 კომპანიასთან, ტენდერის გარეშე, ჯამში 720 225 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. კომპანიების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უცხოურ ვალუტაში მიწოდებული ინვოისების შესაბამისად, აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილის შესყიდვა საზღვარგარეთ განხორციელდა. ჯამში შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი).

თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები. პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შესყიდულია 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება. შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს.

IDFI მიიჩნევს რომ, პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესის (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების შესყიდვით გარკვეული ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ასევე, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილმდებარეობის საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალ ფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა, ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ გადაწყვეტილებად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ამგვარი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები უნდა გამოეყოს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს (მაგალითად ეროვნულ მუზეუმი) რომელთა უშუალო კომპეტენციაა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და სამუზეუმო ექსპონატების გადარჩენა-ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა.

გიორგი რანი