მედიკამენტების ბაზარი – ადამიანის სიცოცხლეზე გამავალი მოუწესრიგებელი ბიზნესსაქმიანობა

0
34
მედიკამენტების ბაზარი - ადამიანის სიცოცხლეზე გამავალი მოუწესრიგებელი ბიზნესსაქმიანობა

წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა

წლებია უკვე საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დგას დღის წესრიგში. მძიმე სოციალური ფონის პარარელურად, რომლიდანაც საქართველო უკვე სამი ათწლეულია ცდილობს გამოსვლას, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისის ფასებიც კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც, ყველა სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ბაზარზე მაღალი მარჟით ოპერირება ასევე არის სოციალური ფონის კიდევ უფრო მეტად დამძიმების ფაქტორი.

არახალი იქნება ისიც, თუ ვიტყვით, რომ პრესასა თუ მასმედიაში ხშირად წავაწყდებით თეზებს იმის თაობაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობას ძარცვავენ და ბაზარზე შეთანხმებულად, მაღალი საფასო პოლიტიკით ოპერირებენ, რადგან საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების თურქეთში, ანუ საიდანაც შემოდის წამლების ძირითადი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში, გაცილებით იაფი და ხელმისწავდომია. ამის სადემონტრაციოდ პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის და საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდვის აქცია მოაწყოა.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს.

კუკავა ამბობს, რომ წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან. ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია.

მაღალ მარჟაზე მიუთითებს პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ “ინტერნეტ აფთიაქის” ცნება, რომელიც დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, მისი გეგმის მიხედვით, ე.წ. ოფშორული კომპანიები საერთოდ ჩაეხსნებიან ბაზრებიდან.

თავის მხრივ, თურქული ფაქტორის გასანეიტრალებლად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თურქული მხარისგან მედიკამენტებს მაღალ ფასში ყიდულობენ, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით  მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. მათივე თქმით, ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული.

ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. განსხვავება კი ისაა, რომ ფარმაცევტული კომპანიების სიმართლე მოსახლეობის ჯიბეებს „ლეგიტიმურად ურტყამს“ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს მათი ჯიბეებიდან, თანაც წამლებზე ფასების ზრდის მოტივს ეკონომიკური პრობლემები, უფრო კონკრეტულად კი ეროვნული ვალუტის ხშირი გაუფასურება მუდმივად იძლევა და ერთი-ორად ზრდის წნეხს ამ მიმართულებით მოქალაქეების ჯიბეებიდან გადახდილ თანხებს.

ლარის გაუფასურების მედიკამენტების ფასებებზე ნათელი კვალის დასანახად, „ბიზნესპრესნიუსმა“ რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე დღეს მოქმედი და 1 წლის წინ არსებული ფასების შედარება მოახდინა, რომლითაც დადგინდა, რომ წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა – „ამრა ფორტე“ – 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა; „ორონორმი“ (სპრეი)17-18 ლარიდან – 31 ლარამდე; „სელევადინი“ 15 ლარიდან – 22,5 ლარამდე; „ნიმესილი“ 40 თეთრიდან – 60 თეთრამდე; „ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან – 70 თეთრამდე; „ფაგიო“ ( სპრეი ) 15 ლარიდან – 20 ლარამდე; „კალციქეა“ 20 ლარიდან – 34,9 ლარამდე; ვალერიანის აბები – 40 თეთრიდან 70 თეთრამდე; „ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან – 5,7 ლარამდე და ა.შ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი, მარინა ბერაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები თითქმის, ყოველთვიურად ძვირდება, ქვეყანაში რეგულაციების არარსებობამ განაპირობა.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი ფიზიკურად არ არსებობს.

„მედიკამენტების გაძვირების მიზეზია ის, რომ ჩვენთან არ არსებობს რეგულაციები. მეტიც, კანონი იძლევა იმის საშულებას, რომ წამლების ფასი რაც შეიძლება გაიზარდოს და ამ პროცესს არაფერი აკავებს. ეს მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაცები და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა თითქოს არის საუბარი, რომ რეგულაციები ჩვენთანაც შემოვიდეს და უფრო გონივრული გახდეს ფასები. კერძოდ, მოხდეს მარჟების განსაზღვრა, რა უნდა იყოს მაქსიმალური ნამატი, ფასწარმოქმნის საკითხები დარეგულირდეს და ა.შ. ასეთი პროგონოზი ჩვენმა ახალმა მინისტრმა თავის წლიურ ანგარიშში მოგვახსენა, ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს მარინა ბერაძე.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. კარტერული გარიგებებია, რის გამოც, ახლა მთავარი აქცენტის გადატანა პარლამენტზე უნდა მოხდეს, რათა კანონპროექტის ინიცირება მისი მიღებით დასრულდეს.

„მედიკამენტების ფასები არის კატასტროფული, რომ აღარ ვისაუბროთ ხარისხზე. ერთია, რომ ძვირად ყიდულობ და მეორეა, რა ხარისხისას ყიდულობ. ეს თემები ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის გამიჯნული საცალო და საბითუმო ფასები, არ არის განსაზღვრული მარჟები ექსპორტირებულ და იმპორტირებულ წამლებზე, რის გამოც ჩვენგან გასული წამლები, სხვა ქვეყნებში უფრო იაფი ღირს. იმიტომ, რომ მათთან ეს რეგულაციები მუშაობს და ვერ დაადებენ იმ ფასს, რაც მათ უნდათ. არსებული ვითარების კიდევ ერთი მიზეზია, ე.წ. კარტერული გარიგეგები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონოპოლისტებზე, ისინი ცუდები კი არ არიან, ვინც ახლა ფასწარმოქმნის პროცესშია, უბრალოდ, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება სამინისტროზე კი არ უნდა გადავიტანოთ, რომელიც აღმასრულებელია, არამედ პარლამენტზე. სწორედ იქ უნდა მოხდეს კანონების ინიცირება და უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი ძალები როგორ უშლიან ხელს ამას მიღებას“, – ამბობს მარინა ბერაძე.

მსგავსი ინიციატივა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემაც დააყენა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1 წლის წინ. ის აცხადებდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს.

“პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ყველა მედიკამენტზე არ უნდა გავრცელდეს. უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ასეთი მედიკამენტების ჩამონათვალი დიდი არ არის. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდიუღად სჭირდებთ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია“, – აცხადებდა აკაკი ზოიძე.

ამ საუბრების მიღმა კი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები არ ჩანს. ერთის მხრივ, საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში არსებობს ეჭვები, რომ ბაზარზე ოლიგოპილიური შეთანხმების შედეგად დაწესებული ფასებია, მეორეს მხრივ კი ფარმაცევტულ კომპანიებს დაკარგული აქვთ საზოგადოებასთან კონტაქტი იმ კონტექსტში, რომ არ ან ვერ ახდენენ შესაბამის კომუნიკაციას, რითაც თავიანთი წილი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ, რა თქმა უნდა, თუ პროცესში მართლები არიან, ეს მათაც უნდა აწყობდეთ.

შედეგად კი დაზარელებულია ვინ? ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები.

სანდრო პირველი