საბანკო სექტორის მოგება სავალუტო რყევებისა და ჯარიმების ხარჯზე მატულობს

0
12
საბანკო სექტორის მოგება სავალუტო რყევებისა და ჯარიმების ხარჯზე მატულობს
დავით წიქარიძე: ,,ბიზნესს მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ”

სავალუტო რყევებით სავალუტო ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. დანამდვილებით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ბანკებმა იხეირეს. ეროვნული ბანკის მონაცემით, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 206,658,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 69.6%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქართული ბანკები ვალუტის გაცვლით უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, ვიდრე სხვა და სხვა ტიპის საკომისიოებისგან, რომლის შემოსავალიც იანვარ-ივლისში 202,917,000 ლარი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საკომისიო შემოსავლები კლებადია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ის დღეს არსებულზე 11%-ით მეტი იყო.

საკომისიოებისა და მოსაკრებლების შემოსავლის კლების პარალელურად, გაზრდილია სხვა და სხვა ტიპის ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი.

მთლიანობაში ბანკებმა ჯარიმებიდან 55,188,000 ლარის სარგებელი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 18%-ით მეტია.

როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტები ბანკების მანიპალაციებს ვერ ადასტურებენ, თუმცა კონტროლის გაძლიერებას ემხრობიან და სებ-ს გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

საბანკო ბაზრის სპეციალისტის ვახტანგ ხომიზურაშვილის განმარტებით, ბანკების ძირითადი მოგება საკომისიოებიდან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ემყარება, ხოლო კურსთა სხვაობამ ბანკებს დიდი მოგება მოუტანა.

,,სპეკულაციური ელემენტებია, დავუშვათ, როცა ბანკი ყიდულობს ვალუტას სხვა კურსით ,,ბლუმბერგის” სისტემაში და შემდეგში მას  უფრო მაღალი კურსით ჰყიდის. რა თქმა უნდა, ეს არ არის უკანონობა, ბანკი შესაძლებლობას იყენებს და ეს ჩვეული მომენტია. როგორც წესი, საბანკო სექტორის ძირითადი შემოსავლის წყარო არის საკომისიოები და კურსთა შორის სხვაობა, რასაც ყიდულობს ,,ბლუმბერგის” სისტემით და კლიენტზე ჰყიდის სხვა კურსით. როგორც ვხედავ, ეროვნული ბანკი არ აპირებს გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა ამ სისტემის გაუმჭვირვალობა საკმაოდ საზიანოა თვითონ მოლოდინების კუთხითაც, რეალურად როდესაც ვერ ხედავენ რა ხდება სავალუტო ბაზარზე, თავისთავად იქ ჩნდება გარკვეული ეჭვები. ეს სისტემა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს რეალურად, ძალიან პოზიტიური იქნებოდა, რომ შემოღებულიყო ჩვენთან ვალუტის კურსის ჰეჯირების (დაზღვევის) მექანიზმი, რამდენადაც ვიცი, ეს სისტემა მომზადების პროცესშია და საბოლოოდ იძლევა საშუალებას, რომ კლიენტებმა უშუალოდ დააზღვიონ კურსის არასასურველი ცვლილებები”, – განმარტავს ხომიზურაშვილი.

ბანკების მონოპოლიაზე საუბრობს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე, რომელიც გამოსავალს ფინანსური ბაზრის დივერსიფიცირებაში ხედავს.

,,სავალუტო რყევებზე ბანკებს გავლენა არ მოუხდენიათ, ამ პროცესს ბანკების მანიპულაციებს ვერანაირად დავუკავშირებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრობლემით კარგად ისარგებლეს. ბანკები ასრულებენ კლიენტების დავალებებს და თვითონ არ ვაჭრობენ ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად ეს შეუძლებელია, თუმცა გარკვეული შემოსავლების ზრდა სავალუტო რყევების საშუალების სავსებით შესაძლებელია. ვფიქრობ, ბანკების მოგება გაიზრდება მომავალშიც, ეს გასაკვირი არ არის, ფინანსურ ბაზარზე ერთადერთი მთავარი ინსტიტუტები დარჩნენ ბანკები, არც მოსახლეობას და არც იურიდიულ პირებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ისინი ფულს ვერანაირად ვერ მოიზიდავენ და ვერ განათავსებენ, რადგან აქ მეორადი ბაზარი არ ფუნქციონირებს. სანამ მონოპოლისტები იქნებიან ფინანსურ ბაზარზე ბანკები, იქამდე მათი მოგება ზღაპრულად გაიზრდება.

საბანკო ქვეყანაა საქართველო, სარგებლობენ იმით, საფონდო ბირჟა მოკლეს, რადგან ბანკები ფლობენ საკონტროლო პაკეტს, რის დაშვებაც არ შეიძლებოდა. 2007 წლამდე საფონდო ბირჟა ვითარდებოდა საქართველოში და კარგი პერსპექტივა ჰქონდა, რაც გარკვეულწილად ფინანსური ბაზრების დივერსიფიცირებას მოახდენდა, მაგრამ ეს პროცესები შეიცვალა. დღეს ფინანსური ბირჟა, ფაქტობრივად, არ მოქმედებს. დარჩნენ ბანკები, სადაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს ფული და განათავსოს თავისი დანაზოგები”, – განმარტავს ანალიტიკოსი.

სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ხედავენ, რამდენადაც ფინანსურ ბაზრებზე სხვა ალტერნატივა რეალურად არ ჩანს.

ასე ფიქრობს ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომლის განცხადებითაც, მნიშვნელოვანია, ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ.

,,ერთი საკითხია, რა მოგებაზე გასვლა შეუძლიათ ბანკებს, ხოლო მეორე – რამდენ საშუალებას მისცემს მათ რეგულაციები და ეროვნული პოლიტიკა. სხვა სექტორი, ფაქტობრივად, არ მუშაობს ქვეყანაში. როდესაც ბანკები ამხელა მოგებაზე გადიან და მარჟა 50%-ზე მეტია, ვიღაცის ხარჯზე ხდება. ეს ვიღაც კი ყოველთვის მოსახლეობაა, რომლებიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ბიზნესს მეტი შესაძლებლობა მიეცეს. პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ. როცა ბანკები ასეთ მოგებაზე გადიან, ადასტურებს, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში და მთავრობამ სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს”, – აცხადებს ფინანსისტი.

resonancedaily.com