„44,3 მლნ აშშ დოლარის დანაკარგი ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ, ამდენი არ მიიღო ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა რუსი ტურისტებისგან“

0
14
„44,3 მლნ აშშ დოლარის დანაკარგი ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ, ამდენი არ მიიღო ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა რუსი ტურისტებისგან“

როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა. სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მოიტანა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.

„აღნიშნული ტენდენცია კარგად ჩანს 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე“ – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 20 ივლისის მოვლენებმა ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორზე იქონია გავლენა. რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ საქართველოდან რუსი ტურისტების დიდი ნაწილის წასვლა და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია.

მარიამ ქვრივიშვილის მიერ მოყვანილი გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თუ საპროგნოზო ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, დანაკარგი გაცილებით მეტია. მეტიც, მისი თქმით, რუსი ტურისტების შემცირებამ, და რაც მთავარია, შექმნილმა დესტაბილიზაციის ფონმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების რაოდენობაზეც.

„44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ, ამდენი არ მიიღეს ჩვენმა მცირე და საშუალო სასტუმროებმა, კაფე-რესტორნებმა, ტუროპერატორებმა, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებმა და სხვ. გასულ წლებში რუსეთიდან ტურისტების მნიშვნელოვანი მატების გათვალისწინებით საქართველოს ტრადიციულ ტურისტულ ცენტრებში, როგორიცაა აჭარის საზღვაო კურორტები, შეიქმნა სპეციალურად რუს ტურისტებზე მორგებული მომსახურების პაკეტები. ამდენად, რუსი ტურისტების შესაძლო ჩანაცვლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი ისეთივე ან უფრო მეტი იქნება,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა.