მთავრობა პენსიების ზრდის ახალ მეთოლოგიაზე გადადის – 2021 წლიდან პენსიის ზრდა ინდექსაციას დაექვემდებარება

0
27
მთავრობა პენსიების ზრდის ახალ მეთოლოგიაზე გადადის - 2021 წლიდან პენსიის ზრდა ინდექსაციას დაექვემდებარება

საქართველოში გასაცემი პენსიების მოცულობა მუდმივადაა განხილვის საკითხი. წინასაარჩევნო დაპირებებში პენსიების თემაც აქტიურად ფიგურებებს. პოპულისტური გათვლებით, ზოგჯერ მსგავსი დაპირებები მხოლოდ ელექტორატის გაზრდაზეა გათვლილი და არ შეიცვას რეალისტურ, ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდნობილ ანალიზს.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 745001 ადამიანს შეადგენს. ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 200 ლარით. საქართველოში კაცების საპენსიო ასაკი – 65, ქალების – 60 წელია.

აღსანიშნავია, რომ პენსიონერეთა რაოდენობის იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში 2030 წლისათვის 950 ათასს გადააჭარბებს. თუ 2019 წელს პენსიისათვის გათვლილი ხარჯი 1.9 მილიარდ ლარს აჭარბებს და პროგნოზირებული მშპ-ის 4.3%-ს უტოლდება, 2030 წლისათვის პენსიონერების რაოდენობის პროგნოზირებული ზრდის პირობებში უკვე მშპ-ს 10%-იან ზღვარს გადააჭარბებს, რაც საბიუჯეტო ხარჯის 33%-ს მიუახლოვდება. შესაბამისად, საპენსიო ხარჯების ზრდის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.

აღნიშნული ხარჯების საკომპენსაციოდ, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს პენსიების დასაფინანსებლად, მთავრობამ საპენსიო რეფორმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული დამსაქმებელთან და სახელმწიფოსთან ერთად საპენსიო ფონდში თანხებს რიცხავს, რომელზეც წვდომა საპენსიო ასაკის მიღწევისას ექნება.

 გარდა ამისა, გასულ კვირას მთავრობამ დაანონსა პენსიების ინდექსაციის საკითხი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან პენსიების ზრდა ინდექსაციის მეთოდით მოხდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ინდექსირების კონკრეტულად, რა მაჩვენებელი იქნება, ამის შემუშავების პროცესში არიან.

მისივე თქმით,ნავარაუდებია, რომ მეოთხე კვარტლის დასაწყისში მეტი დეტალი ამ თემაზე მეტი კონკრეტული დეტალი გახდება ცნობილი.

“ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინდექსირების მაღალი მაჩვენებელი იყოს. ის აუცილებლად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლი და სწორედ ამ მაჩვენებლის შეთანხმების პროცესში ვართ, მათ შორის სავალუტო ფონდთან. სსფ–ის მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის და მაგ პერიოდისთვის გვექნება შეთანხმებული მოდელი.

2020 წლიდან პენსიის ზრდა 20 ლარით მოხდება, 2021 წლიდან კი – ინდექსირების მეთოდით, ანუ კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ინდექსირება ყოველწლიურად მოხდება.

ინდექსირების კონკრეტულად, რა მაჩვენებელი იქნება, ამის შემუშავების პროცესში ვართ და ალბათ, მეოთხე კვარტლის დასაწყისში მეტი დეტალი გვეცოდინება ამ თემაზე”, – განაცხადა გაგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საპენსიო რეფორმის მესამე პილართან დაკავშირებულ კანონპროექტს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მისი წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე იგეგმება.

საქართველოში პენსიის გაცემას სოციალური ხასიათი აქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში სოციალური პენსიის მინიჭების განსხვავებული სქემა მოქმედებს, მას ერთვის სოციალური დახმარებები და ასევე პენსიის დაგროვების განსხვავებული მოდელები პირის დასაქმების სტაჟის, სამუშაო წლების რაოდენობისა და მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე.

თუ გადავხედავთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აღმოვაჩენთ რომ რეგიონში საქართველო საშუალო პენსიების რაოდენობის მიხედვით ყველა ქვეყანას ჩამორჩება.  რუსეთში საშუალო პენსია დაახლოებით 260 დოლარს შეადგენს. ომის ვეტერანებისთვის ეს თანხა თითქმის სამმაგია 690 დოლარი. აზერბაიჯანში საშუალო პენსია 120 დოლარს შეადგენს, სომხეთში 85 დოლარს, ხოლო თურქეთი საშუალო პენსიების ოდენობით ტოპ10 ქვეყანაში გადის და იქ საშუალო პენსიის მოცულობა 460 დოლარს შეადგენს.

გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომ პენსიები ინდექსაციას დაექვემდებაროს, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ინფლაციის და ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, მისაღები პენსიის მსყიდველთუნარიანობაც იკლებს. თუ რომელ ეკონომიკურ ინდიკატორებს დაექვემდებარება პენსიების ზრდას, ეს, როგორც დაანონსებულია, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში გახდება ცნობილი.

ბაჩანა ჯინჭარაძე