სახელმწიფოსთვის დენით მომარაგება, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თანდათან რთული ხდება

0
12
სახელმწიფოსთვის დენით მომარაგება, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თანდათან რთული ხდება
ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იმპორტზე თითქმის სამჯერაა გაზრდილი

ელექტროენერგიის მოხმარების ტემპი წარმოებას აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში დღითი დღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა ფიქსირდება, დენით მომარაგება სახელმწიფოსთვის, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, თანდათან რთული ხდება. სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენცია არ იცვლება და გამოსავალიც ნაკლებად ჩანს.

შექმნილ სიტუაციაში პრობლემის მოგავრების გზად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ირინა მილორავა ჰიდროგენერაციის განვითარებას მიიჩნევს. მის პოზიციას სავსებით იზიარებენ ენერგეტიკოსებიც და აცხადებენ, რომ აუცილებელია ბაზრის ლიბერალიზაცია, რამაც მათი ვარაუდით, შესაძლოა, დეფიციტი მეტ-ნაკლებად შეავსოს.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მიმართულებით განხორციელებული რეგულირების თაობაზე ისაუბრა.

პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლების მსგავსად იზრდება, ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდამ, საშუალოდ, 5% შეადგინა. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების ზრდა 3,9%-ია.

მილორავას განცხადებით, შარშან ცხრა ახალი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იმპორტზე თითქმის სამჯერაა გაზრდილი, რაც იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ აუცილებელია ადგილობრივი გენერაციების, მათ შორის, განსაკუთრებით ჰიდროგენერაციის განვითარება.

საქმე იქამდე მიდის, რომ დენის მოხმარების სრულად დაკმაყოფილება ქვეყნისთვის რეალურად შეუძლებელია. ენერგეტიკოსი გია არაბიძე გამოსავალს ჰესების მშენებლობის ტემპის დაჩქარებაში ხედავს.

“შარშანდელთან შედარებით, იანვარ-მაისში გამოვიმუშავეთ ნაკლები ელექტროენერგია, მოვიხმარეთ მეტი და ასევე მეტი ვიყიდეთ. ზაფხულის პერიოდში გვაქვს შესაძლებლობა სხვაობა დავფაროთ, მაგრამ ტენდენციას, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი გვექნება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეველევით. ჩვენ დაგვჭირდება იმ მოცულობის ან მასზე მეტი დენის ყიდვა (გააჩნია როგორი ჰიდროლოგია გვექნება შემოდგომის პერიოდში), როგორც შარშან ვიყიდეთ, ანუ ტენდენცია რჩება – სტაბილური, გამოვიმუმუშავებთ, მოვიხმართ, არ გვყოფნის, ვყიდულობთ! რამდენი უნდა შევიძინოთ, ამას უკვე ჰიდროლოგია გვიჩვენებს. ცხადია, ჰესების მშენებლობას დღეს ვერ დავიწყებთ და ხვალ ვერ დავამთავრებთ. პერსპექტიულ გეგმას თუ ავიღებთ, ბუნებრივია, რომ ყველა ჰესი, რომელიც მიმკვდარინებულია და ინტენსიური მუშაობა არ მიდის, როგორმე უნდა დავძრათ”, – აცხადებს არაბიძე “რეზონანსთან” საუბრისას.

ენერგეტიკოსი იმედს “შაჰ დენიზი2”-ს გაზსადენის ამუშავებაზე ამყარებს და დასძენს, რომ იგი იმპორტის სხვაობას მეტ-ნაკლებად დააბალანსებს.

“შაჰ დენიზი 2”-ის გაზსადენი 2020 წლიდან სრულად დაიტვირთება და იქიდან შემოტანილი კომერციული და სოციალური გაზის რაოდენობა გაგვეზრდება. ამით დავტვირთავთ ჩვენს თბოელექტროსადგურებს, რითაც შევავსებთ იმპორტის სხვაობას. ერთ-ერთი ვარიანტია ბაზრის ლიბერალიზაცია. შესაძლებელია, ეფექტურად იქნას გამოყენებული გამომუშავებული ელექტროენერგია, რომ ჩვენ მოხმარების მოცულობა შევამციროთ. საუბარია იმაზეც, რომ სპეციფიური გადასახადები შემოიღონ მაინინგთან დაკავშირებითაც, რის გამოც ჩვენ ასევე გვეზრდება მოხმარება. ცხადია, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია ჰესების მშენებლობა და ტემპის დაჩქარება, შესაბამსიად, თბოელექტროსადგურებით მეტი ენერგიის გამომუშავება, რადგან უკვე მალე დადგება “შაჰ დენიზი2″-დან მიღებული გაზის გამოყენების დრო და შესაძლებელია ასევე ლიბერალურმა ბაზარმა შეძლოს მოხმარების გარკვეულწილად შემცირება. ეს თუ არ მოხდა, ელექტროენერგიის უფრო იაფად შემოტანაზე ვიზრუნოთ”, – აცხადებს გია არაბიძე.

ენერგეტიკოს ბაჩანა ფიფიას შეფასებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საკუთარი რესურსების ათვისება.

“2009-18 წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად იზრდებოდა, საშუალოდ, 3,9%-ით, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მატულობდა წლიურად თითქმის 5%-ით. ამ დეფიციტს სჭირდება შევსება, რომელიც ხდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მოხმარება ზრდა გამოწვეულია ბევრი ფაქტორებით. მოხმარების ზრდა ფიქსირდება როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორში. მაგალითად, ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში ტურიზმის სექტორსაც მნიშვნელოვანი წილი აქვს და ამის დასტურია ის, რომ წინა წელს უკვე ზაფხულის პერიოდში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მოხმარების პიკი.

იმპორტზე დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი, როგორც ენერგეტიკული (ენერგოუსაფრთხოება), ისე ეკონომიკური კუთხით, რადგანაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნის გარეთ ელექტროენერგიის საყიდლად.

ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საკუთარი რესურსების ათვისება, მაგრამ ჰესების მშენებლობის კუთხით დღეს გვაქვს ძალიან ცუდი სურათი. ბევრი პროექტი აწყდება გარკვეულ წინააღმდეგობას, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ენერგეტიკის დარგს და ქვეყანას, რადგანაც საკუთარი რესურსების არ გამოყენებით ჩვენ უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით მეზობელ ქვეყნებზე და მათ კეთილ ნებაზე მოგვაწოდონ ელექტროენერგია”, – აცხადებს “რეზონანსთან” ბაჩანა ფიფია.

“რეზონანსი”

მარი ჩიტაია