ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

0
9
ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

აჭარაში, ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საწარმოს გაფართოების მიმდინარე სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საწარმოს გაფართოებით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500 მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საწარმოს გაფართოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

„დავათვალიერეთ არსებული ტექსტილის საწარმოს გაფართოების სამუშაოები. აქ დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელდება და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება 500 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად ვითარდებოდეს ეკონომიკა და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა დასაქმების თვალსაზრისით. ეკონომიკაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების უკეთესი ხვალინდელი დღე,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი“ 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას რეგიონში სამი საწარმო აქვს განთავსებული და დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3000 მოქალაქე. სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 000 000 ლარს შეადგენს.