მერაბ კაკულია – სავალუტო რეზერვების ზრდა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფაქიზად და ბაზარზე უცხოური ვალუტის მკვეთრი სიჭარბის შემთხვევაში

0
30
მერაბ კაკულია - სავალუტო რეზერვების ზრდა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფაქიზად და ბაზარზე უცხოური ვალუტის მკვეთრი სიჭარბის შემთხვევაში

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ზრდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ძალიან ფაქიზად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე უცხოური ვალუტის მკვეთრი სიჭარბე იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დრო განაცხადა.

გადაცემაში მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების საკითხი და ზოგადად მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები განიხილეს.

გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა ლარის დოლართან მიმართ გაუფასურების ერთთვიან სტატისტიკაზე დაყრდნობით (მაისის დასწყისში ერთი დოლარი 2.70 ლარი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი 2.80 ღირს) განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. ჭკუასელი დაინტერესდა, რამდენად უპრიანია, რომ ასეთი სავალუტო რყევის ფონზე ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში რეზერვების დაგროვებას აგრძელებს და სავალუტო ბაზარზე მცირე ინტერვენციასაც კი არ ახორციელებს.

კაკულიამ განმარტა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები მართლაც შესავსები აქვს, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უცხოური სავალუტო რეზერვების შეფასების ახალი ე.წ. მეტრიკული მეთოდის მიხედვით, ქვეყანას კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი აკლია. თუმცა, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რეზერვების შევსება მხოლოდ მაშინ უნდა განხორციელდეს, როცა ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბე იქნება.

„სავალუტო რეზერვების მინიმალურ დონეზე ბევრად ნაკლები დონე გვაქვს. სავალუტო ფონდის ძველი მეთოდის მიხედვით, ქვეყანას სამი თვის იმპორტის მოცულობის ექვივალენტი მარაგი უნდა ჰქონოდა. ახლა შემოღებულია სავალუტო რეზერვების შეფასების გაცილებით რთული ე.წ. მეტრიკული მეთოდი, რომელშიც მრავალი ფაქტორია გათვალისწინებული. ამ მეთოდით რომ დათვალეს, გამოირკვა, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის შევსება გვჭირდება. თუ თვითმიზნად დავისახავთ რეზერვების ზრდას და ვალუტის შესყიდვას ფორსირებულად დავიწყებთ, მაშინ როცა ბაზარზე უცხოური ვალუტის მკვეთრი სიჭარბე არ შეინიშნება, ეს არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე. ამიტომ მიმაჩნია, რომ რეზერვების ზრდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ძალიან ფაქიზად და ფრთხილად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე უცხოური ვალუტის მკვეთრი სიჭარბე იქნება“, – განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩარევის, ე.წ. ინტერვენციის საკითხს, კაკულია მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ინტერვენციისაგან თავის შეკავებას გარკვეული გამართლება აქვს.

„თუ მოქმედებს მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმი, იქ სავალუტო კურსის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა არ ხდება. ეროვნული ბანკი კურსის ნიშნულს არ უყურებს, უყურებს მხოლოდ მაშინ, თუ კურსმა ფასებზე იქონია გავლენა. ამიტომ იგი თვლის, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოს ინტერვენცია, თუ ინფლაციის იმპორტმა ფასების სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.  შეგვიძლია, ამაზე ვიდაოთ, მაგრამ რაღაც დოზით შეიძლება, დაეთანხმო, რომ ჯერ აღნიშნული მომენტი არ დამდგარა“, – განმარტა მერაბ კაკულიამ.

1tv.ge