
ქართველი ზვიად ციკოლია, რომლის საათები TSIKOLIA ქართული ბრენდია და დამზადებულია შვეიცარიაში, მალე ახალი ხაზის გამოშვებას აპირებს.. დიზაინერი ‘კომერსანტთან საუბარში აცხადებს, სპეციალური ხაზი საქართველოში დამზადდება და შესაბამისი წარწერაც ექნება — Made in Georgia.
„გეგმა უკვე არსებობს და პროექტზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. თქვენთან შეხვედრამდე მქონდა საუბარი ერთ-ერთ შვეიცარიელ მწარმოებელთან, რომელმაც უნდა გამომიგზავნოს მთელი ნუსხა, რა თანხა დაგვჭირდება, რა დანადგარები და ა.შ. ასევე საუბარია იმაზე, რომ გადავამზადოთ კადრები, რომლებიც სრულფასოვნად შეისწავლიან საათის შესაბამის დონეზე აწყობას,“ — ამბობს ზვიად ციკოლია.
თარიღის დაკონკრეტება TSIKOLIA-ს დამფუძნებელს უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესები დროში არ გაიწელება.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში დამზადებულისგან განსხვავებით, დაახლოებით 25 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
„მინდა ძალიან მალე მოხდეს ეს ყველაფერი და ყოველდღე ვმუშაობთ ამ თემაზე. იმედია, ერთ წელში ან წელიწად-ნახევარში პროექტი განხორციელდება. შვეიცარიაში დამზადებული საათები უფრო ძვირი ჯდება და ბუნებრივია, როცა აქ დავიწყებთ წარმოებას, ფასს დავაკლებთ. შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი ადგილობრივი მომხმარებლისთვის“,— განმარტავს ზვიად ციკოლია.
წყარო:commersant.ge