„მეტრა-პარკის“ მობინადრეები – „კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას “

0
21
„მეტრა-პარკის“ მობინადრეები - „კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას
„მეტრა-პარკის“ მობინადრეები – „კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას და მერიის სამსახურების შეცდომაში შეყვანას“
თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეები მედიაში კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან და კომპანიას მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ, მეტრა პარკის მაცხოვრებლები უკვე 1 წელზე მეტია ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები და ხელი შეუშალოთ შპს „მეტრა დეველოპმენტის“ განზრახვას ააშენოს 30-40 მეტრის სიმაღლის მრავალსართულიანი კორპუსები რეკრეაციულ კლდის ფერდობზე. სამწუხაროდ, „მეტრა დეველოპმენტი“ აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს საკუთარი მაცხოვრებლების მოთხოვნებს და ჯიუტად განაგრძობს სამშენებლო ნებართვის მიღების მცდელობებს. ამასობაში კომპანია გადავიდა ყოვლად მიუღებელ, თამაშის ბინძურ წესებზე და ტოტალური სიცრუის ტირაჟირებაზე.

გვინდა, საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ გავაცნოთ რეალური ვითარება:

„მეტრა დეველოპმენტი“ აპელირებს და ცილს სწამებს საკუთარი კომპლექსის მობინადრეებს, რომ მათ იცოდნენ კომპანიის მიერ ბუნებრივი რეკრეაციის ადგილას დაგეგმილი 3 მასშტაბური მრავალსართულიანი კორპუსის მშნებლობის შესახებ, ვინაიდან იგი გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის 2016 წელს განხორციელებულ კორექტირებულ ვერსიაში. ჯანსაღ ლოგიკას მოკლებულია, რომ თურმე მაცხოვრებლებმა იცოდნენ დაგეგმილი ვანდალური მშენებლობების შესახებ, თუმცა მათ მაინც შეიძინეს ბინები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად და შემდეგ ჩაებნენ მასიურ საპროტესტო კამპანიაში. რეალურად „მეტრა დეველოპმენტი“ საჯაროდ არსად აჟღერებდა საკუთარ განზრახვას, პირიქით, დეველოპერი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიუთითებს მხოლოდ 17 სახლს და ვიზუალურადაც მხოლოდ მათ წარმოგვიდგენს, იგივე შეიძლება ითქვას „მეტრა პარკი“-ს საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელში განთავსებულ ე.წ. სავიზიტო ბარათზე – დიდ საინფორმაციო ბანერზე, სადაც აღნიშნულია კომპლექსის არსებული, მშენებარე და პროექტირების სტადიაში მყოფი კორპუსები, მაგრამ არსად არაა ნაჩვენები ის 3 მრავალსართულიანი კომპლექსისთვის შეუფერებელი კორპუსი, რომელთა აშენებასაც კომპლექსის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.

კეთილი ნებისა და განზრახვების არსებობის შემთხვევაში, კომპანიას უბრალოდ შეეძლო წარედგინა ინფორმაცია არსებული და პოტენციური მობინადრეებისათვის საკუთარი გეგმების შესახებ, რაც მათ არ გააკეთეს, ვინაიდან რეალურად ჯერ სურდათ გასაშენებელი კლდის ფერდობის მომიჯნავე საცხოვრებელ ზოლში დასრულებული ბინების სრულად გასხვისება სწორედ არსებული ბუნებრივი რეკრეაციის აფიშირებით და უკვე შემდგომ, ახალი 3 გაცილებით მასშტაბური კორპუსის პროექტის ინიცირება, რომელსაც დეველოპერის მხრიდანვე რეკლამირებული ბუნებრივი ლანდშაფტი უნდა შეეწიროს.

„მეტრა დეველოპმენტი“ გასული წლის განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავების ფონზე ინტენსიურად ცდილობდა დაეკნინებინა მაპროტესტებელთა რაოდენობა და ყველა მიმართულებით წარმოედგინა, რომ ეს არის მხოლოდ რამდენიმე მოსახლის „ჯიუტი ახირება“, თუმცა რეალურად ოფიციალურ პროტესტს ხელმოწერებით უკვე შეუერთდა 50-ზე მეტი მოსახლე, მათ შორის ბინების როგორც წინამორბედი კომპანია „იბერიასგან“ შემძენი, ისე უშუალოდ მეტრა დეველოპმენტისგან შემძენი მობინადრეები და სადღეისოდ იშვიათად თუ შეიძლება მოიძებნოს მობინადრე, რომელიც არ ეწინააღდეგება კომპანიის ამ განზრახვას.

მობინადრეები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების დაცვაა, როცა საცხოვრებელი კომპლექსის არსებული 4 სართულიანი სახლების ზოლიდან 10 მეტრის რადიუსში მდებარე ციცაბოდ დახრილ, 200-მდე ხე-ნარგავით დაფარული კლდის მასივის მასიურ (15 მეტრის სიღრმეზე) ჭრა-ნგრევას და კომპლექსისთვის შეუსაბამო 30-40 მეტრის სიმაღლის 3 კორპუსის მშენებლობის მცდელობას აპროტესტებენ. „ეს საცხოვრებელი კომპლექსია და არა ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი დიდი კარიერი 30,000-40,000 კუბური მეტრის მოცულობით კლდის მასივების ნგრევით, მით უმეტეს ამას არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი და ასეულობით ხე-ნარგავი ეწირება“- აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტის“ ვანდალური მშენებლობის გეგმებით აღშფოთებული მაცხოვრებლები. რა თქმა უნდა, ამ დეტალებს დეველოპერული კომპანია არ ახმაურებს და მედიაში უტიფრად მხოლოდ 9 ხის გადარგვაზე საუბრობს.

მობინადრეები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ მათთვის ყოვლად მიუღებელია „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადება, სადაც კომპანია ეჭვის დონეზე ცილს სწამებს საკუთარ მოსახლეობას პოტენციურ ფინანსური სარგებლის მიღების მცდელობის თაობაზე და ასევე აღნიშნავს, რომ თურმე მოსახლეობის სურვილი დეველოპერის დისკრედიტაციაა. არანაირი ფინანსური ინტერესი და დისკრედიტაციის სურვლი მოსახლეობას რაღა თქმა უნდა არ გააჩნია, ან როგორ უნდა გინდოდეს საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის დისკრედიტაცია?! პირიქით, მოსახლეობა ამ კომპლექსში ცხოვრობს და დაინტერესებულია საკუთარი საცხოვრებლის კარგი რეპუტაციით, მაგრამ სამწუხაროდ „მეტრა დეველოპმენტი“ მობინადრეთა ინტერესებს და უსაფრთხოებას არაფრად აგდებს და მათ საკუთარი ოჯახების დაცვის არანაირ გზას არ უტოვებს სამართლებრივი გზების გარდა.

ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მოსახლეობისთვის აშკარა ხდება, რომ „მეტრა დეველოპმენტი“ საკუთარ მაცხოვრებელს მხოლოდ ფინანსური სარგებლის წყაროდ აღიქვამს და სამწუხაროა, მაგრამ ეს საფრთხის შემცველი სიგნალია კომპლექსის მომავალი მომხმარებლებისთვისაც. კომპანიის ხელმძღვანელობა მობინადრეთა საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც კერძო საუბრებში ისინი პირიქით ცდილობენ მოსახლეობის გარკვეულ შეთავაზებებზე დაყოლიებას და „გაჩუმებას“.

„მოსახლეობა მკაცრად ვგმობთ კომპანიის ამ განცხადებას და ვაფიქსირებთ, რომ მობინადრეების მიერ არასოდეს გაჟღერებულა ფინანსური ინტერესი კომპანიის მიმართ და არც არასოდეს გაჟღერდება! ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ჩვენ პროტესტს და ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის დარჩება ერთადერთი – ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოში!“ -აცხადებენ მაცხოვრებლები.

საკითხი უკვე საკმაოდ გახმაურებულია და იმედია თბილისის მერია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები შესაბამისად შეისწავლიან საეჭვო ვითარებაში დამტკიცებულ გრგ-ს ცვლილებების საკითხებს თავისი თანმდევი ბევრი საეჭვო და შეუსაბამო დოკუმენტაციით, რომელსაც დეველოპერი პერიოდულად აწვდიდა და აწვდის მერიის სამსახურებს. სახეზე დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებია, რომელზეც მოსახლეობამ თავისი ოფიციალური წერილებით უკვე მიუთითა და მათზე რეაგირების ვალდებულება კანონმდებლობით ეკისრებათ მერიის და სხვა სათანადო სახელმწიფო ორგანოების სამსახურებს. იმედია, მერიის სამსახურები იქნებიან მაქსიმალურად მკაცრები და სამართლიანები და პროექტის ყველა ხარვეზს და შეუსაბამობას სააშკარაოზე გამოიტანენ და მობინადრეთა ინტერესების და უსაფრთხოების საპირისპიროდ არ გასცემენ სამშენებლო ნებართვებს აღნიშნულ ვანდალურ, ქალაქისთვის შეუსაბამო და საფრთხის შემცველ მშენებლობებზე.