ავტოგაზის სადგურების უსაფრთხოებას არავინ აკონტროლებს

0
22
ავტოგაზის სადგურების უსაფრთხოებას არავინ აკონტროლებს
გაზგასამართი სადგურები უშუალოდ დასახლებულ პუნქტებსა და ხალხმრავალ ადგილებშია განლაგებული.

საფრთხე აშკარაა და მცირე შეცდომის ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი აფეთქების მასშტაბი კატასტროფული იქნება, თუმცა ამ სფეროს რეგულირებაზე არავინ მუშაობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, არადა, 1 გაზგასამართი სადგურიც რომ აფეთქდეს, დიდი დიღმის ტრაგედია მონაგონი იქნება, იმ სავალალო შედეგებთან, რაც მას მოჰყვება.

ქვეყანაში ბოლო დროს სახლებში გაზის აფეთქების შემთხვევების ზრდის პარალელურად საზოგადოებაში იმატა შიშმა, რამდენად ვართ დაცული უსაფრთხოების კუთხით და რა საკითხებია სახელმწიფო რეგულირების მიღმა, რამაც შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ყველაზე მეტად ხალხი ახლა გაზგასამართი სადგურების გამო შიშობს. ბუნებრივი აირის სატუმბი სადგურები, რომლებიც ავტომობილებს ემსახურებიან, ხშირად განთავსებულია საცხოვრებელ სახლებთან, სასწავლებლებთან და სამუშაო ადგილებთან საკმაოდ ახლოს იმ ფონზე, როცა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქება იმ მასშტაბის ტრაგედიას იწვევს, როგორიც დიდ დიღომში მოხდა, საფრთხე გაცილებით მეტია მთლიანი სადგურის გაუმართაობის შემთხვევაში. არის კი ავტოგაზის პუნქტებთან უსაფრთხოების ზომები დაცული? ან იგეგმება თუ არა მათი გადატანა?

ინჟინერი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე დაუშვებლად მიიჩნევს დასახლებულ პუნქტებთან და სამუშაო ადგილებთან გაზგასამართი სადგურების არსებობას. გარდა იმისა, რომ თავად სადგურები ქმნის საფრთხეს, სწორედ ეს ბიზნესი უშლის ხელს საყოფაცხოვრებო გაზში ოდორანტის დამატებას.

„როგორც საცხოვრებელ კორპუსებთან, ისევე ქალაქის გზებზე ბუნებრივი აირის სატუმბი სადგურები დაუშვებელია. მოსახლეობასთან რა უნდა ასეთ ობიექტებს? გარდა იმისა, რომ თავად სადგურები ქმნის საფრთხეს, სწორედ ეს ბიზნესი უშლის ხელს საყოფაცხოვრებო გაზში ოდორნატის დამატებას. ეს არის ნივთიერება, რომელსაც აქვს მძაფრი სუნი და გაჟონვის შემთხვევაში ადამიანი ადვილად ხვდება, რომ საფრთხეშია. მოსახლეობის ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი გაზით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში, ოდორნატი მთელ სისტემას რომ დაემატოს.

ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე „იდგა” და ისე იყო, როგორც სტანდარტია, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა მიზეზი იმისა, რომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა. გარდა იმისა, რომ თავად ქმნიან საფრთხეს ეს სადგურები, კიდევ სხვა მხრივაც აუარესებენ უსაფრთხოების კუთხით ვითარებას.

ძველი ნორმებით, დასახლებული პუნქტიდან 800 მეტრის რადიუსში არ შეიძლებოდა გაზგასამართი სადგური ყოფილიყო, დღეს კი მიჯრითაა. მაღალი წნევის ჭურჭელს იყენებენ, რომელსაც განსაკუთრებული დაცვის სისტემა სჭირდება, რაც არ ხდება. ვნახეთ, რა მასშტაბის ტრაგედიის გამოწვევა შეუძლია კორპუსის პირობებში აფეთქებას და მთელი სადგური რომ აფეთქდეს, წარმოუდგენელი რამ მოხდება”, – აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან” აკადემიკოსი.

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას გაზგასამართი სადგური 2014 წელს დაემატა. ამასთან, განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა გაზგასამართი სადგურის ფარული ექსპლუატაცია, ექსპულატაციის წესების დარღვევა, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა. აღნიშნული ქმედებისთვის ფულადი ჯარიმა 200-ლარიდან 2000 ლარის ფარგლებშია, ქმედების სიმძიმის შესაბამისად.

ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი, თუ რამდენით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან გაზგასამართი სადგურები, უკვე მიღებულია, თუმცა პრაქტიკაში არ განხორციელებულა.

„დადგენილებებით რეგულირებულია ეს საკითხი და ნორმატივებით უნდა ხელმძღვანელობდეს როგორც მარეგულირებელი და კანონის აღმასრულებელი, ასევე კერძო სექტორიც. გადაწყვეტილების მიღების ზუსტი თარიღი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ბოლო წლებშია დამტკიცებული და იმედია, მისი ადმინისტრირებაც მოხდება, მით უფრო, როცა საწვავთან გვაქვს საქმე, დიდი საფრთხე არსებობს ყოველთვის. თხევადი საწვავი კიდევ არ არის იმდენად აგრესიული და იმ დოზით დამაზარალებელი, რამდენადაც გაზგასამართი სადგურები”, – აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან” ჭაღიაშვილი.

გენგეგმის შემდეგ უნდა შეიქმნას უფრო დაბალი რანგის დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, გენერალური სქემა, სადაც იქნება რეკომენდაციები გაზგასამართი სადგურების გაუქმების ან გადატანის კუთხით. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის აზრით, სწორედ ეს მოაგვარებს უკვე გახსნილი გაზგასამართი სადგურების საცხოვრებელ სახლებთან არსებობის პრობლემას.

„გაზგასამართი სადგურების განუკითხავი ჩადგმა დაიწყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც სივრცით ტერიტორიულ დაგეგმვას საერთოდ არანაირი ყურადღება არ ექცეოდა, უგულებელყოფილი იყო ყველა იქამდე არსებული საკმაოდ მკაცრი ნორმა. ამის შემდეგ შეიქმნა გარკვეული სქემა, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა რამდენად იყენებენ, ეს სხვა საკითხია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქალაქის მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ მას ყურადღებას არ აქცევენ.

სისტემტაიზაციას ხელს უშლის კერძო ბიზნესის გავლენაც. ქსელების მფლობელები ცდილობენ, კონკურენციის გამო ერთმანეთის გვერდიგვერდ განალაგონ ბენზინ ან გაზგასამართი სადგურები. ამიტომ გენგეგმის შემდეგ უნდა შეიქმნას უფრო დაბალი რანგის დეტალურად გაწერილი დოკუმენტი – გენერალური სქემა, სადაც იქნება რეკომენდაციები ასეთი სადგურების გაუქმების ან გადატანის კუთხით.

გაზგასამართი პუნქტები რომ საფრთხეა და შესაძლოა, კატასტროფული შედეგი მოგვიტანოს მისმა ასეთმა ქაოსურმა გახსნამ დასახლებულ პუნქტებთან ან სამუშაო ადგილებთან, ეს ცხადია, სანამ დროა, ამ პრობლემას იქამდე უნდა მიეხედოს. ურმის გადაბრუნება დედაქალაქში ფატალური შედეგის მომტანი იქნება, რა გზაც უნდა გამოჩნდეს ამის შემდეგ”, – აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან” ვარდოსანიძე.

შეგახსენებთ, 2016 წლის აგვისტოში ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, დაინგრა და დაიწვა 6 სახლი, დაიწვა 4 ავტომობილი.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი”