საქართველო სტუმრის სტატუსით – ციურიხის EXPOVINA-ზე ქართული ღვინოებია წარდგენილი

0
62
საქართველო სტუმრის სტატუსით – ციურიხის EXPOVINA-ზე ქართული ღვინოებია წარდგენილი

შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალს მასპინძლობს. EXPOVINA-ს ისტორიაში პირველად, ფესტივალში საქართველო მონაწილეობს.

ღვინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. სტუმარს ციურიხი საპატიოდაც დახვდა და როგორც საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ნონა მამულაშვილი ამბობს, ქალაქ ციურიხის ქუჩებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული. “ასეთი წარმომადგენლობითი მიღება საქართველოს EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შვეიცარიაში პირველია,” – ამბობს მამულაშვილი.

ფესტივალი გემებზეა წარმოდგენილი და გემებსაც ქართული ღვინისა და საქართველოს სიმბოლოები ამშვენებს. ნონა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შვეიცარიის ბაზარზე კარს გაუხსნის და საქართველო-შვეიცარიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარდგენილია ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით შექმნილი სტენდი, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობებს აცნობს.

EXPOVINA-ში ქართული ღვინის წარმოდგენა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართული კომპანიები, საქართველოს მთავრობა.

ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით, 4 000 ღვინოა წარმოდგენილი. EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე იმართება.