სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს

0
27
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს

სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT) შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ჯაშის თქმით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

„მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილისხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები – სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის.

როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად გავაჟღერე, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა წინააღმდეგობა წამოვიდა სპეციალისტების მხრიდან. ამის შემდეგ გავეცანი სკანდინავიის ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას, უმეტეს ქვეყნებში საატესტატო გამოცდები არის 4 საგანში – მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. 8 საგანი, რომელიც ჩვენთან მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელია და ბავშვები გამოცდებს აბარებენ, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. სულ მცირე, საატესტატო გამოცდების რაოდენობა შესამცირებელი გვაქვს. შემდეგ როგორ მოხდება არსებული დუბლირებების შემცირება და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების დონეზე რა ცვლილებებს შევიტანთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ გავაჟღერო, რადგან საკითხი მსჯელობას მოითხოვს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.