სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

0
79
სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

იმ მომხმარებლებს, რომლებიც კომერციულ ბანკებთან სასესხო ხელშეკრულების დარღვევის გამო „კრედიტ-ინფოს“ შავ სიაში მოხვდნენ და კრედიტებზე წვდომა შეეზღუდათ 1 სექტემბრიდან „ნეგატიური სტატუსი“ გაუუქმდებათ.

როგორ აფასებენ კომერციული ბანკები საკანონმდებლო ცვლილებას და შეარბილებენ თუ არა „შავ სიაში“ მყოფი მოვალეებისთვის დაკრედიტების პოლიტიკას? ამ საკითხზე „კომერსანტმა“ კითხვით კომერციულ ბანკებს მიმართა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის ინფორმაციით, საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო არ უქმდება. ის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის. სხვადასხვა დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად, იგეგმება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესის შეცვლა და ე.წ. „ნეგატიური სტატუსის“ გაუქმება:

„როგორც წესი, ბანკები საკრედიტო გადაწყვეტილების მიღებისას ბევრ ფაქტობრივ და შეფასებით მონაცემს ეყრდნობიან, მათ შორის ერთ-ერთი არის საკრედიტო სტატუსი. დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის ე.წ. ნეგატიური სტატუსის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას, ბანკი კიდევ უფრო მეტად დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს. ყოველივე კი, ვფიქრობ, ზოგადად ხელს შეუწყობს, ნეგატიური სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის საბანკო პროდუქტებზე წვდომას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკრედიტო სტატუსი არის მხოლოდ ერთი მონაცემი და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას კვლავ დიდი ყურადღება მიექცევა. აღნიშნული ცვლილებები არ გაზრდის ბანკის მხრიდან რისკებს. რადგან, დაკრედიტების საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ბანკის პრეროგატივად რჩება და შიდა რისკების მართვის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული,“ — განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო „კრედიტ-ინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის. იცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და უქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი, ანუ შავი სია აღარ იარსებებს. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან.

ბოლო სტატისტიკით, „კრედიტ-ინფოს“ შავ სიაში დაახლობით 650 ათასი მოქალაქეა.

„მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.

საბანკო სექტორის რეგულაციები 2018 წლის 1 მაისიდან გამკაცრდა, კერძოდ ბანკებს მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება დაევალათ: ცვლილების მიხედვით, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა მან ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია, ასევე კომერციულ ბანკებში კრედიტის კონცენტრაციისა და მსხვლი რისკების შესახებ” ცვლილებებით, ბანკი შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%— ზე მეტს ვეღარ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულყოფილი ანალიზი არ ჩაატარა.

ეროვნულ ბანკში რეგულაციების შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობით ხსნიან. სებ— ში მიაჩნიათ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვა საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს წაახალისებს. „კრედიტ ინფოს“ სებ-ის რეგულაციის ქვეშ მოქცევაც იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.

 

წყარო: commersant.ge